მარსზე დაფიქსირებული უჩვეულო ბიძგები მიუთითებს, რომ წითელი პლანეტა ვულკანურად აქტიურია — #1tvმეცნიერება
მარსზე დაფიქსირებული უჩვეულო ბიძგები მიუთითებს, რომ წითელი პლანეტა ვულკანურად აქტიურია — #1tvმეცნიერება

როგორც ჩანს, მარსი იმაზე „გრუხუნაა“, ვიდრე გვეგონა. ახალმა მეთოდებმა მარსის სიღრმეში გამოავლინა ბიძგები, რომლებიც აქამდე დაფიქსირებული არ იყო; მეცნიერთა განცხადებით, ამის საუკეთესო ახსნა მიმდინარე ვულკანური აქტივობა უნდა იყოს.

სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ მარსი მკვდარი პლანეტა კი არ არის, არამედ მისი მტვრიანი, უდაბური ზედაპირის ქვეშ, წიაღში, სეისმური აქტივობა ქუხს.

„იმის ცოდნა, რომ მარსის მანტია დღემდე აქტიურია, გადამწყვეტია, რათა გავარკვიოთ, როგორ ჩამოყალიბდა მარსი, როგორც პლანეტა. დაგვეხმარება პასუხი გავცეთ ფუნდამენტურ კითხვებს მზის სისტემის, მარსის ბირთვის, მანტიისა და მისი ამჟამად აღარ არსებული მაგნიტური ველის ევოლუციის შესახებ“, — ამბობს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი ჰროვიე ტკალჩიჩი.

მეცნიერებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ მარსის წიაღში ბევრი არაფერი ხდებოდა.

პლანეტას ძალიან სუსტი მაგნიტური ველი აქვს. პლანეტათა მაგნიტური ველი, როგორც წესი, პლანეტის წიაღში გამომუშავდება, ე. წ. დინამოს მიერ, რაც წარმოადგენს მბრუნავ, კონვექციურ და ელექტროგამტარ სითხეს, რომელიც კინეტიკურ ენერგიას მაგნიტურ ენერგიად გარდაქმნის, პლანეტის გარშემო სივრცეში მბრუნავ მაგნიტურ ველად.

მარსზე მაგნიტური ველის არარსებობა მიუთითებს აქტივობის ნაკლებობაზე. ეს კი ბევრს ნიშნავს; უფრო მეტიც, მაგნიტური ველი სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. აქ, დედამიწაზე, მაგნიტური ველი იმ კოსმოსური რადიაციისგან გვიცავს, რომელიც სიცოცხლეს უბრალოდ გაანადგურებდა. მარსზე რადიაციის დონე გაცილებით მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ის მზისგან ჩვენზე შორსაა.

„დედამიწაზე სიცოცხლე მაგნიტური ველის წყალობით გახდა შესაძლებელი, მისი უნარით, რომ დაგვიცვას კოსმოსური რადიაციისგან. მაგნიტური ველის გარეშე, სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმა უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა“, — ამბობს ტკალჩიჩი.

თუმცა, როდესაც 2018 წლის ნოემბერში მარსზე NASA-ს სტატიკური ზონდი InSight-ი დაჯდა და მარსის „გულისცემაზე“ დაკვირვება დაიწყო, რაღაც მართლაც გამორჩეული შევიტყვეთ: მარსი გრგვინავს. ამ დროისათვის, InSight-ს უკვე დაფიქსირებული აქვს ასობით მიწისძვრა (თუნდაც „მარსძვრა“), რაც საკმარისი აღმოჩნდა მარსის წიაღის დეტალური რუკის შესაქმნელად.

ტკალჩიჩმა და მისმა კოლეგამ, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკოსმა ვეიჯია სანმა გადაწყვიტეს, ისეთი ბიძგები მოეძებნათ, რომლებიც შეიძლება შეუმჩნეველი დარჩა InSight-ის მონაცემებში. მათ ორი არატრადიციული მეთოდი გამოიყენეს, რომლებიც მხოლოდ ბოლო პერიოდში მოარგეს გეოფიზიკას და InSight-ის მონაცემებში ბიძგებზე ნადირობას შეუდგნენ.

უკვე ცნობილ ცხრა მარსძვრის შაბლონებზე დაყრდნობით, მათ 47 ახალი სეისმური მოვლენა აღმოაჩინეს, რომლებიც მარსის რეგიონ კერებრუს-ფოსაედან მოდიოდა. ეს რეგიონი წარმოადგენს ნაპრალების სისტემას, რომელიც ანასხლეტებმა ქერქის დაშლის შედეგად წარმოქმნეს.

ამ ახალ სეისმურ მოვლენათა უმეტესობა წააგავდა კერებრუს-ფოსაეში 2019 წლის მაისსა და ივლისში დაფიქსირებული ორი გამორჩეული მიწისძვრის ტალღის ფორმებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პატარა ბიძგები დიდებთან არის დაკავშირებული.

შემდეგ, მკვლევრებმა ბიძგების გამომწვევი მიზეზის გარკვევა სცადეს. როგორც მათმა ანალიზებმა ცხადყო, ბიძგებს შორის დროში განაწილებაში რაიმე მახასიათებელი არ შეიმჩნეოდა და გამოირიცხა ისეთი მიზეზები, როგორიც შეიძლება ყოფილიყო მარსის თანამგზავრ ფობოსის გავლენა.

„დავადგინეთ, რომ ეს მარსძვრები მუდმივად, მთელი დღის განმავლობაში ხდება, NASA-ს მიერ აქამდე დაფიქსირებული და მოხსენებული ბიძგები კი ღამით, როცა პლანეტა უფრო ჩუმია“, — ამბობს ტკალჩიჩი.

მისივე განცხადებით, გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კერებრუს-ფოსაეს რეგიონის სიღრმეში ამ ახლად დაფიქსირებული 47 ბიძგის მიზეზია მარსის მანტიაში გამდნარი ქანების მოძრაობა.

კერებრუს-ფოსაეს ზედაპირის მახასიათებელთა წინა ანალიზებმა ცხადყო, რომ ეს რეგიონი ბოლო პერიოდამდე იყო ვულკანურად აქტიური, ბოლო 10 მილიონ წლიან მონაკვეთში.

სანისა და ტკალჩიჩის მიერ გამოვლენილი აქტივობა, რაც მათ მარსის მანტიაში მაგმის განმეორებად მოძრაობებს დაუკავშირეს, ასევე მიუთითებს, რომ მარსი ვულკანურად და სეისმურად იმაზე აქტიურია, ვიდრე აქამდე გვეგონა.

თუ მართლაც ასეა, ამ შედეგს გავლენა ექნება ჩვენს წარმოდგენაზე მარსის წარსულისა და მომავლის შესახებ.

„მარსძვრები არაპირდაპირი გზით გვეხმარება იმის გაგებაში, ხდება თუ არა პლანეტის წიაღში კონვექცია; და თუ ეს კონვექცია ხდება, როგორია ის; რა მექანიზმი შეიძლება უშლიდეს ხელს მარსის მაგნიტურ ველს წარმოქმნაში“, — აღნიშნავს ტკალჩიჩი.

მისი განცხადებით, მარსის მაგნიტური ველის კვლევა, როგორ განვითარდა ის და პლანეტის ისტორიის რა მონაკვეთში გაქრა — უმნიშვნელოვანესია სამომავლო მისიებისთვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანი, თუკი ერთ დღეს მეცნიერებს წითელ პლანეტაზე ადამიანური სიცოცხლის დამკვიდრება სურთ.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია anu.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.