„თერგის“ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის პატარა კერების დამუშავება მიმდინარეობს
ცაბაძის ქუჩაზე, „თერგის“ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის ცალკეული პატარა კერების დამუშავება მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის საგანგებო სიტუაციები მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, მამუკა ყირიმელმა განაცხადა.
მისი თქმით, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
„მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მობილიზებული იყო 30 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 150 მეხანძრე- მაშველი. ხანძრის ლოკალიზება დილის 05:00 საათისთვის მოხდა და ხანძრის გავრცელების საფრთხე მოიხსნა. მას შემდეგ დაიწყო ცალკეული კერების დამუშავება, როგორიც არის სასაწყობე ფართი. ამჟამად ცალკეული პატარა კერების დამუშავება მიმდინარეობს, ხანძრის გავრცელების საფრთხე მოხსნილია. გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა მამუკა ყირიმელმა.
ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი დაახლოებით ღამის 00:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი.
გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართობი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.