ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ზარალის სიას თავადაც შეადგენენ
ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ზარალის სიას თავადაც შეადგენენ

სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულში” ხანძრის შედეგად დაზარალებულები ზარალის სიას თავადაც შეადგენენ, რომელიც მათი მხრიდან  ბაზრობის ადმინისტრაციას გადაეცემა.

როგორც დაზარალებული მოვაჭრეები აცხადებენ, მათ კომპენსაციის იმედი აქვთ. ასევე, მოვაჭრეებს დროებით, სავაჭრო ცენტრ „თერგის“ ტერიტორიაზე გადაიყვანენ. თუმცა, როგორც დაზარალებულები აცხადებენ, საქმიანობის თავიდან დასაწყებად პროდუქცია და თანხა ესაჭიროებათ.

სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ასევე იმყოფებოდა “ქალაქის გულის” იურისტი, გიგა კვერენჩხილაძე, რომელიც დაზარალებულებს გაესაუბრა. იურისტის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, როდის მოხდება დაზარალებულების ტერიტორიაზე შეშვება, რადგან ეს საგამოძიებო პროცესზეა დამოკიდებული.

კვერენჩხილაძის თქმით, ბაზრობის ადმინისტრაცია ეტაპობრივად ხვდება დაზარალებულებს და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდის. რაც შეეხება ზარალს, იურისტი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ზარალის ოდენობა სრულად დათვლილი არ არის.

საერთო ჯამში, სავაჭრო ცენტრში 170 მაღაზია და 70 საწყობი იყო განთავსებული.

ცაბაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრში ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა.  დამწვარია დაახლოებით 5000 კვ.მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.