სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა
სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

თბილისის მერიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მაკა გვარამიას განცხადებით, თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც მაკა გვარამიამ „მოამბის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, ადგილზე რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული.

მაკა გვარამიას განცხადებით, ექიმებს რამდენიმე მოვაჭრემ მიმართა, რომლებიც ხანძრის შემდეგ ადგილზე მივიდნენ და ემოციურ ფონზე, დახმარება დასჭირდათ.

სავარაუდოდ, ადგილზე 2000-მდე კვ.მ. ფართობი იწვის.

სავარაუდოდ, ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე მეორადი ტანსაცმლის სექცია იწვის.  ცეცხლის ჩაქრობას 35 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს.

ტერიტორიაზე მოვაჭრეები არიან მისული და თავიანთ სამუშაო ადგილებზე შესვლას ცდილობენ, რის უფლებასაც მათ არ აძლევენ.

ადგილზე იმყოფება დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

ბაზრობა “თერგის” მფლობელი შპს “თერგი 1”-ა, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით 1995 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის საქმიანობის სფეროს ბაზრობები და კომერციული ფართების იჯარით გაცემა წარმოადგენს. ბოლო მონაცემებით, კომპანიის დირექტორად ჯემალ ქადაგიშვილი ფიქსირდება. კომპანიის მოწილე კი, მასთან ერთად 5 ფიზიკური და 1 იურიდიული პირია.