ალექსანდრე იაშვილი - ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ნაწილი დღეს მალფუჭებად პროდუქციას გამოიტანს
ალექსანდრე იაშვილი - ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ნაწილი დღეს მალფუჭებად პროდუქციას გამოიტანს

სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ტერიტორიაზე ადმინისტრაციის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შეხვდნენ.

როგორც „ქალაქის გულის“ დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე იაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას აქვს ექსპერტ-კრიმინალისტებისგან ინფორმაცია, რომ ადგილზე მოვაჭრეების შეშვება უსაფრთხოა.

იაშვილის განცხადებით, პირველ რიგში, ტერიტორიაზე შევლენ ისინი, ვისაც მალფუჭებადი პროდუქცია აქვს და შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია მაღაზიებიდან გაიტანონ.

„ყველაფერი ორგანიზებულად მოხდება. შედგება სიები. პროცედურას დაესწრება გამომძიებელი და ჩვენი დაცვის სამსახურის წარმომადგენელი“, – განაცხადა იაშვილმა.

მოვაჭრეები ტერიტორიაზე შესვლას დილიდან ითხოვდნენ. სამართალდამცველები ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, რის გამოც მოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირედი დაპირისპირება მოხდა.

ცაბაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრში ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 5000 კვ.მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.