გიგა კვერენჩხილაძე - ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული საქონელი ჩამოეწერებათ
გიგა კვერენჩხილაძე - ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული საქონელი ჩამოეწერებათ

სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ იურისტის, გიგა კვერენჩხილაძის განცხადებით, ცაბაძის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული საქონელი ჩამოეწერებათ.

მისი განმარტებით, აქტიურად თანამშრომლობენ შემოსავლების სამსახურთან და დაზარალებულებს გადასახადებისგანაც გაათავისუფლებენ, ხოლო მოვაჭრეებს, რომელთაც ბანკიდან კრედიტი ჰქონდათ გამოტანილი, გადავადებაში დაეხმარებიან.

„ჩვენ ვუზრუნველვყავით ორგანიზება ამ შეხვედრისა საგადასახადო თანამშრომლებთან და ბუნებრივია, ჩამოეწერებათ ეს განადგურებული საქონელი და გადასახადები. ასევე, ვისაც საბანკო კრედიტები აქვთ, ვეხმარებით, რომ ბანკებმა გადაუვადონ. რაც შეეხება ზარალს, სავარაუდოდ, ძალიან დიდია. განადგურებული ობიექტი რამდენიმე მილიონი ღირებულების იყო. პროდუქციაც ალბათ ასევე. აქედან გამომდინარე, საერთო ჯამში ზარალი არაერთი მილიონი იქნება“, – განაცხადა სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ იურისტმა გიგა კვერენჩხილაძემ.

ცაბაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრში ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 5000 კვ.მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.