ალექსანდრე იაშვილი - ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ხელს შევუწყობთ, რომ გამოყოფილ ადგილას გადასახადის გარეშე ივაჭრონ
ალექსანდრე იაშვილი - ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ხელს შევუწყობთ, რომ გამოყოფილ ადგილას გადასახადის გარეშე ივაჭრონ

სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ დირექტორის მოადგილის, ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ადგილს გამოუყოფენ, რომ ყოველი გადასახადის გარეშე ივაჭრონ.

მისივე თქმით, დღეს 20-მდე მოვაჭრემ მაღაზიებიდან მალფუჭებადი პროდუქცია გამოიტანა.

„პირველ რიგში, ჩვენ შევუშვით ის მოვაჭრეები, ვისაც მალფუჭებადი პროდუქცია ჰქონდა და ხანძარს გადაურჩა. მთლიანად პირველი მონაკვეთი გათავისუფლდა გასუფთავდა. ახლა 20 კაცზე მეტი შესულია. ახლა შედიან ის მოვაჭრეები, რომლებსაც ნაწილობრივ დაეწვათ საქონელი. ახლო მომავალში, შეიძლება, ხვალ ან ზეგ გვქონდეს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რათა უკვე ჩვენ დავადგინოთ ზარალის ოდენობა და რამ გამოიწვია ეს ხანძარი. ჩვენ შევხვდით გენერალურ დირექტორს. მეორადი საქონლით მოვაჭრეებთან გვქონდა შეთანხმება და მათ გამოვუყოფთ ადგილს, გავათავისუფლებთ გადასახადებისგან და შეღავათს გაუკეთებენ, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ იმ ადგილზე ივაჭრონ ყოველი გადასახადის გარეშე. ასევე ჩვენ სპეციალური ალტერნატიული ადგილები გამოვუყავით სიგარეტებით მოვაჭრეებს. ასევე დღგ-სგანაც გათავისუფლდებიან“, – განაცხადა სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე იაშვილმა.

ცაბაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრში ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 5000 კვ.მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.