გიგა კვერენჩხილაძე - დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი ახალ ბაზრობაზე უკვე გადაყვანილია
გიგა კვერენჩხილაძე - დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი ახალ ბაზრობაზე უკვე გადაყვანილია

დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი ახალ ბაზრობაზე უკვე გადაყვანილია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ადვოკატმა, გიგა კვერენჩხილაძემ განუცხადა.

„დანარჩენებთან შეხვედრები მიმდინარეობს და ეტაპობრივად ისინიც მიმდებარე ბაზრობაზე, „თერგის“ ტერიტორიაზე იქნებიან გადაყვანილი და ყველანი სავაჭრო ადგილებს მიიღებენ. რაც შეეხება შენობაში შესვლას, ამ ეტაპზე ჩვენ დამოკიდებული ვართ პოლიციასა და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებზე. ვიმედოვნებთ, რომ ხვალ ან ზეგ შესვლა და დათვალიერება მოხერხდება. დღეისთვის სავარაუდოდ ვერ მოხერხდება, რადგან იქ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

მისი თქმით, ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, აღწერას გარკვეული დრო დასჭირდება.

„თავდაპირველად დათვალიერება მოხდება, შესვლა, გამოტანა და ა.შ. ეს სახანძრო და პოლიციის სამსახურების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. გამოტანაზე ვერ გეტყვით. ჯერჯერობით ეს ძალიან ადრეა. იქ უნდა ინახოს, ვის რა ზარალი მიადგა. ყველაფერი ხომ უნდა აღწერონ და ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – განაცხადა სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ადვოკატმა.

გიგა კვერენჩხილაძის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრი დაზღვეული იყო. რაც შეეხება მოვაჭრეებს, მისი თქმით, მხოლოდ მცირე ნაწილს ჰქონდა საქონელი დაზღვეული.

გიგა კვერენჩხილაძის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები და დაზარალებულთა გამოკითხვა გრძელდება.

„როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლების, ასევე დაზარალებულების დაკითხვები მიმდინარეობს. საგამოძიებო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აღნიშნა სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ადვოკატმა.