“თერგის” ბაზრობის რამდენიმე ობიექტი „ჯი-პი-აი ჰოლდინგშია“ დაზღვეული
„თერგის“ ბაზრობის რამდენიმე ობიექტი და თავად შენობა „ჯი-პი-აი ჰოლდინგშია“ დაზღვეული. ამის შესახებ „მოამბეს“ სადაზღვევო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განუცხადა. თინა სტამბოლიშვილის განმარტებით, ზარალის შეფასების თაობაზე კომპანიას სამმა ინდმეწარმემ და თავად შენობის მფლობელმა განცხადებით უკვე მიმართეს. სტამბოლიშვილის ინფორმაციით, დაზღვეული ობიექტების დათვალიერება და ზარალის შეფასება მოგვიანებით მოხდება.
„ზარალის დარეგულირების პროცესში გუშინ ღამევე ჩავერთეთ. თავად შენობის მფლობელს ჰქონდა დაზღვეული შენობა და ასევე, რამდენიმე მცირე მეწარმეს. მათი ქონება და მარაგები არის დაზღვეული. საერთო ჯამში, ქონების სადაზღვევო ღირებულება არის 3 მილიონ ლარამდე და ცხადია, ანაზღაურდება ამ სადაზღვევო თანხის ფარგლებში. როგორც კი მოგვეცემა იმის საშუალება, რომ შევაფასოთ მდგომარეობა, დავითვალოთ, კალკულაცია მოვახდინოთ, მაშინვე დავიწყებთ ზარალის ანაზღაურების პროცესს“, – განუცხადა „მოამბეს“ „ჯი-პი-აი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თინა სტამბოლიშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას, ბოლო დროს გახშირებული ხანძრების გამო, გაიზარდა თუ არა დაზღვევაზე მოთხოვნა, “ჯი-პი-აი ჰოლდინგის” წარმომადგენელმა, განმარტა, რომ მოთხოვნა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.
„სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, ქონების დაზღვევა არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პოპულარული დაზღვევის სახეობა. ამ დაზღვევით ძირითადად სარგებლობენ დიდი ინდუსტრიული ობიექტები. რაც შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს, ისინი ასე ვთქვათ, თავს არიდებენ ბიზნესრისკების დაზღვევის შეძენას”, – განმარტა თინა სტამბოლიშვილმა.
ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი დაახლოებით ღამის 00:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი.
გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართობი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.