The Telegraph - მოწამლულ რუს ჯაშუშს ტრამპის „რუსული დოსიეს“ მომზადებასთან დაკავშირებულ პირთან მჭიდრო კავშირები ჰქონდა
რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ პოლკოვნიკს სერგეი სკრიპალს მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ბრიტანელთან, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის რუსეთთან კავშირების შესახებ დოსიესთან არის დაკავშირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სკრიპალმა აღნიშნულ პირთან კავშირი 2010 წელს დაამყარა, როდესაც სოლსბერიში გადასახლდა. მამაკაცი, რომლის ვინაობას ბრიტანული გამოცემა არ ასაჯაროებს, კერძო საგამოძიებო სააგენტო Orbis Business Intelligence-ში მუშაობდა, რომელიც ბრიტანული დაზვერვის MI6-ის ყოფილ თანამშრომლის კრისტოფერ სტილის მიერაა დაფუძნებული. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ მოამზადა და აშშ-ის ხელისუფლებას გადასცა დონალდ ტრამპის გუნდის რუსეთთან კავშირების შესახებ დოსიე.
სოლსბერიში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად 4 მარტს სამი ადამიანი მოიწამლა. მათი მდგომარეობა კრიტიკულია. ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპაის გარდა მოწამლულები არიან მისი 33 წლის შვილი იულია და პოლიციელი, რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა.
დიდ ბრიტანეთში რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის სავარაუდო მოწამვლა ბრიტანული პრესის მთავარ თემად იქცა. გამოცემები აღნიშნულ საქმეს 2006 წელს ალექსანდრ ლიტვინენკოს პოლონიუმით მოწამვლას უკავშირებენ.
სერგეი სკრიპალი რუსეთში სახელმწიფო ღალატისთვის არის ნასამართლევი. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ის 2004 წელს ბრიტანულ დაზვერვასთან თანამშრომლობისთვის დააკავა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, სამხედრო სამსახურის პერიოდში 1995 წელს სკრიპალი ბრიტანულმა დაზვერვამ გადაიბირა. 2006 წლის 9 აგვისტოს მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლოში მან დანაშაული აღიარა, კერძოდ მი-6-სთვი ასობით საიდუმლო დოკუმენტის გადაცემა და მისგან ფულადი ანაზღაურების მიღება.
2010 წელს სკრიპალი კიდევ სამ მსჯავრდებულთან ერთად შეიწყალეს. მოგვიანებით კი, ისინი აშშ-ში დაკავებულ რუს ჯაშუშებზე გაცვალეს, მათ შორის ანა ჩაპმანზე. ბოლო წლებში სკრიპალი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა.