რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხების შემდეგ, მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა. როგორც პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, შეფერხება სადგურის მოედანზე ერთ-ერთი მატარებლის ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია, რის გამოც აუცილებელი გახდა შემადგენლობის ჩიხში გადაყვანა.
„პროცედურა მთელი ხაზის მუშაობის გაჩერებას მოითხოვს. ამის გამო, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში აღნიშნულ ხაზზე მოძრაობა შეწყდა“, – განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.
ამასთან, მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.
ანალოგიური პრობლემა შეიქმნა თბილისის მეტროპოლიტენში გუშინ დილითაც, როდესაც მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრებს მოძრავი შემადგენლობის დაცლა მოსთხოვეს. შედეგად, რამდენიმე წუთის განმავლობაში, პირველ ხაზზე მოძრაობა გაჩერებული იყო.