კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ხელფასები მომავალი წლიდან გაეზრდებათ
კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ხელფასები მომავალი წლიდან გაეზრდებათ

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ხელფასები მომავალი წლიდან მოემატებათ. მისი თქმით, ანაზღაურების ზრდა თბილისის მეტროპოლიტენის ყველა თანამშრომელს შეეხება.

„ხელფასების მომატება მოხდება მომავალ წელს. ეს ყველა თანამშრომლის პირობებში იქნება. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ძალიან ბევრჯერ ისაუბრა და გააკეთა განცხადებები. თქვენ იცით, რომ ყოველწლიურად სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებისთვის სახელფასო ზრდა იქნება 10% და მათ შორის, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსაც, რა თქმა უნდა, ეხება ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანამდე, პროფკავშირების წარმომადგენლების ორგანიზებით აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც სატრანსპორტო კომპანიისგან ხელფასების 20%-იანი ზრდა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ინფლაციის ფონზე, სასურსათო და სხვა სახის სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები გაზრდილია. მათი თქმით, დღეს არსებული ხელფასი ვერ უზრუნველყოფს მათ მინიმალურ საჭიროებებს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, დღესვე სატრანსპორტო კომპანიასთან ჩანიშნულია შეხვედრაც და იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის მოლაპარაკება ვერ შედგება, მეტროპოლიტენის თანამშრომლები სატრანსპორტო კომპანიასთან კოლექტიური დავის დაწყებას, გაფიცვას აანონსებენ.

„ექვსი თვის განმავლობაში ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ადმინისტრაციასთან. დამოუკიდებელ ექსპერტებთან, ეკონომისტებთან ერთად გავიარეთ, რომ ქვეყანაში ინფლაციისა და სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების ზრდის ფონზე, ხელფასები 20%-ით უნდა გაიზარდოს. ჩვენ ამას ხელფასების მატებას არ ვუწოდებთ, ეს არის ინდექსაცია. დამსაქმებლების პირდაპირი ვალდებულებაა, რომ დასაქმებულებს ეს 20% მოუმატოს“, – განაცხადა პროფესიული კავშირის, „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ.