მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის დასრულება მაისისთვის იგეგმება
მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის დასრულება მაისისთვის იგეგმება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, კომპანიის სხვა თანამშრომლებთან და შპს „მამისონის“ წარმომადგელებთან ერთად, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ამ ეტაპზე, ღია ბაქნის გადახურვის სამუშაოები და ბაქნის ფილების სადემონტაჟო პროცესი მიმდინარეობს.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული განახლებისა და რეაბილიტაციის ფარგლებში, გათვალისწინებულია სადგურის ინტერიერისა და ექსტერიერის განახლება, ხოლო რეკონსტრუქციის ნაწილში – მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის გადახურვის მოწყობა და გამაგრების სამუშაოები. კერძოდ, სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი; სადგური ადაპტირდება შშმ პირთათვის; დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა ტექტილური ბილიკები; განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურო ოთახები; რეაბილიტაცია ჩაუტარდება სადგურის, როგორც შესასვლელ ვესტიბიულს, ასევე ბაქანს; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვლება გახმოვანებისა და ელექტროსისტემები.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე წლის მაისში იგეგმება. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 4 700 000 ლარს შეადგენს. განახლებული მეტროსადგურის გახსნამდე, მგზავრეთა მომსახურების მიზნით, მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „გოცირიძემდე“, ავტობუსის დროებითი მარშრუტი – N169 ამოქმედდა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.