ტატო ხუნდაძე - თუ რამეს დაზოგვა შეიძლება, თანხები იმ მიმართულებებზე უნდა გადანაწილდეს, რაც ეკონომიკას ავითარებს
თუ რამეს დაზოგვა შეიძლება, თანხები იმ მიმართულებებზე უნდა გადანაწილდეს, რაც ეკონომიკას ავითარებს, – ამის შესახებ პირველი არხის ანალიტიკოსმა ტატო ხუნდაძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკურ განვითარებას განათლებული ადამიანები ქმნიან. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ბიზნესი დღეს დაბალ კვალიფიკაციას და განათლების დაბალ ხარისხს ასახელებს. ბიზნესისთვისაც პრობლემაა ის, რომ თანხებს არაეფექტურად განვკარგავთ და განათლებაზე ასე ცოტას ვხარჯავთ“, – განაცხადა ტატო ხუნდაძემ.
გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რა იქნება იმის პირველი ინდიკატორი, რომ ხელისუფლებამ ნამდვილად გადაწყვიტა, მცირე მთავრობაზე ისე გადავიდეს, მმართველობითი აპარატის შენახვაზე თანხები ეფექტურად, მომჭირნედ მოიხმაროს და ეს თანხები სხვაგან დახარჯოს, ტატო ხუნდაძემ განაცხადა, რომ ამის ინდიკატორი ის იქნება, თუ ჯანდაცვისა და განათლების პროგრამები გაიზრდება და მაგალითად, მასწავლებელთა ხელფასები მოიმატებს, რომელთა მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულება განუზომელია.
„რა თქმა უნდა, 120 მილიონი ლარი ამისთვის საკმარისი ვერ იქნება. სავარაუდოდ, 500 მილიონი მაინც იქნება საჭირო იმისთვის, რომ მასწავლებელთა ხელფასი საშუალო ხელფასს გაუტოლდეს და ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანებს მასწავლებლობა მოუნდეთ“, – განაცხადა ტატო ხუნდაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, კონკრეტულად, რას გვთავაზობს ხელისუფლება, როცა მცირე მთავრობაზე საუბრობს, ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ მისი დასკვნით, რასაც ახლა გვთავაზობენ, ეს მთავრობის დანახარჯების შემცირება და თანხების სოციალურ ხარჯებზე გადატანაა, მაგრამ ჯერჯერობით, უცნობია, ეს რის ხარჯზე მოხდება.
„საინტერესოა, ეს რის ხარჯზე მოხდება, თანამშრომელთა გათავისუფლების ხარჯზე? თუ სამსახურებიდან თანამშრომლები უნდა გავუშვათ, მაშინ, რომელი სამინისტროს თანამშრომლები უნდა გავუშვათ? ამაზე განმარტება აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რადგან როცა მთავრობა ამაზე საუბრობს, ბევრი ადამიანი ღელავს. ამისთვის გარკვეული მომზადებაა საჭირო, რადგან ნორმალურ სახელმწიფოებში ადამიანების სამსახურიდან ასე უბრალოდ გაშვება არ ხდება“, – განაცხადა ტატო ხუნდაძემ.
მისი თქმით, თუ თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება არ იგეგმება და თანხების დაზოგვა ამის გარეშე მოხდება, გამოდის, რომ ჯიპებზე და ბენზინის შეძენაზე დიდი დანახარჯები კეთდებოდა და მთავრობა ამ ხარჯების შემცირებას გეგმავს.