ტატო ხუნდაძე - პოპულიზმია, როცა გრიგოლ ვაშაძის პროგრამაში ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, პენსიების გაზრდას აპირებს, მეორე მხრივ კი გადასახადების შემცირებას
ტატო ხუნდაძე - პოპულიზმია, როცა გრიგოლ ვაშაძის პროგრამაში ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, პენსიების გაზრდას აპირებს, მეორე მხრივ კი გადასახადების შემცირებას

ფაქტია, პოპულიზმია, როცა გრიგოლ ვაშაძის პროგრამაში ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, ის პენსიების გაზრდას აპირებს, მეორე მხრივ კი გადასახადების შემცირებას, – ამის შესახებ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ანალიტიკოსმა ტატო ხუნდაძემ განაცხადა.

„დებატებს რომ ვაკვირდებით, არის იმის ილუსტრირება, რომ არჩევნების წინ შეიძლება, ყველაფერი ითქვას. შეიძლება, უარყო საკუთარი თავი, საკუთარი იდენტობა და სრულიად სხვა რამ განაცხადო, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნებში უფრო მეტი ხმის დაგროვება გინდა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ეკონომიკის მინისტრმა ერთგვარად, განსხვავებული ხედვა წარადგინა, რასაც ხუნდაძის შეფასებით, ქართულმა მედიამ სათანადო ყურადღება არ დაუთმო.

„ჩემი ღრმა რწმენით, ეს ფაქტობრივად, იყო გადააზრება მთელი იმ ეკონომიკური პოლიტიკებისა, რომელიც არა მხოლოდ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ თვითონ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში იყო. ეს არის განსხვავებული ხედვა იმისგან, რასაც იგივე კვირიკაშვილის მთავრობა გვთავაზობდა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისასალმებელია, როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი საუბრობს ისეთ ხედვებზე, როგორებიცაა ინდუსტრიალიზაცია, რეგიონების განვითარება და ა.შ.