ტატო ხუნდაძე - ახლა საჭიროა, რეფორმაზე პასუხისმგებელ განათლების მინისტრს საკმაოდ მაღალი პოლიტიკური წონა ჰქონდეს
ტატო ხუნდაძე - ახლა საჭიროა, რეფორმაზე პასუხისმგებელ განათლების მინისტრს საკმაოდ მაღალი პოლიტიკური წონა ჰქონდეს

ახლა საჭიროა, რეფორმაზე პასუხისმგებელ განათლების მინისტრს საკმაოდ მაღალი პოლიტიკური წონა ჰქონდეს, – ამის შესახებ პირველი არხის ანალიტიკოსმა, ტატო ხუნდაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს არის საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა და ეს ადამიანი, თუ ადამიანები, გუნდი, ვინც განათლების რეფორმაზე იმუშავებს, ხანგრძლივი ვადით იქნებიან და განათლების ამ სტრატეგიას განახორციელებენ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძემ ასევე განაცხადა, რომ დღეს არსებული სტრატეგიული დოკუმენტები სტატიკური არ არის და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი არის გარკვეული ნაბიჯი, რაც საზოგადოებისთვის დისკუსიას ხსნის, რათა ვიმსჯელოთ, როგორი ტიპის განათლება გვჭირდება.

„სწორედ ამაში ვხედავ რისკებს, რადგან ეს, პირველ რიგში, პოლიტიკური საკითხია და პოლიტიკურ საკითხს სერიოზული ლიდერშიპი სჭირდება ისეთი ადამიანების მხრიდან, რომლებსაც შესაბამისი პოლიტიკური წონა აქვთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც პირველი არხის ანალიტიკოსმა აღნიშნა, განათლებაში ჩადებულ თითოეულ ლარს, თუ დოლარს, საშუალოვადიან პერსპექტივაში, საკმაოდ დიდი უკუგება მოაქვს.

მისი თქმით, მთელი საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ განათლებაში, ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება არის უმთავრესი და დღეს ჩვენი ხელისუფლება ამ პროგრესულ ნაბიჯს დგამს.

„თუ გვინდა, ევროპას მივბაძოთ, რაზეც ხშირად ვლაპარაკობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ განათლებაში მეტი ფული უნდა ჩავდოთ. ევროპული ინტეგრაციის მიმართულებითაც, მათ შორის, ეს ნაბიჯი სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა ტატო ხუნდაძემ.