ტატო ხუნდაძე - „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ ისტორიული ინიციატივაა და ნიშნავს, რომ სახელმწიფო განათლებას ნამდვილ პრიორიტეტად აცხადებს
ტატო ხუნდაძე - „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ ისტორიული ინიციატივაა და ნიშნავს, რომ სახელმწიფო განათლებას ნამდვილ პრიორიტეტად აცხადებს

ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ ისტორიულია და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ნამდვილ პრიორიტეტად აცხადებს განათლებას, – ამის შესახებ მთავრობის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით პირველი არხის ანალიტიკოსმა, ტატო ხუნდაძემ განაცხდა.

მისი შეფასებით, ამას შესაძლოა, უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის, ვიდრე მაგალითად, საპენსიო რეფორმას ან საყოველთაო ჯანდაცვის შემოღებას, რადგან თაობებზე იმოქმედებს.

„განათლების პრიორიტეტად გამოცხადება ნიშნავს განათლების რეფორმის შესაბამისი ბიუჯეტით უზრუნველყოფას, რაც ფუნდამენტურია. ამის შესაბამისი კანონმდებლობით გარანტირება კი, აიძულებს ყოველ მომდევნო მთავრობას, მათთვისაც პრიორიტეტული იყოს განათლება. აქედან თავის დაძვრენის საშუალება აღარ ექნებათ“, – განაცხადა ტატო ხუნდაძემ.

ანალიტიკოსს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები მოჰყავს, რომლის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტიდან განათლებაში ჩადებულ 1 პროცენტს საშუალოვადიან პერიოდში 24 პროცენტიანი მოგება მოაქვს.

„გაცილებით მაღალი უკუგების ეფექტი აქვს, ვიდრე იგივე 1 პროცენტის ჩადებას თუნდაც ინფრასტრუქტურაში, რომელსაც იმავე პერიოდში მხოლოდ 5 პროცენტიანი მოგება მოაქვს. განათლებაში ჩადებულ თანხებს აქვს უზარმაზარი უკუგება როგორც მოკლე, ისე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ ეს რეფორმა, თავისი არსით, არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მან ევროპულ გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროპაში ყველაზე წარმატებული განათლების სისტემის მქონე სახელმწიფოები განათლების მიმართულებით 5-6 პროცენტზე მეტს ხარჯავენ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ნებისმიერ რეფორმასა და გარდაქმნას შესაბამისი დაფინანსება სჭირდება.

„თუ არ გყავს მასწავლებელი უზრუნველყოფილი შესაბამისი ხელფასით, ამ პროფესიას არ დაეუფლებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც აქვთ მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები. ასეთი ადამიანები წავლენ სხვა მიმართულებით. სწორედ ამას გვიჩვენებს ევროპული გამოცდილება, იგივე ფინური, ისლანდიის, გერმანიისა და საფრანგეთის გამოცდილება, რომ პირველი – მასწავლებელი უნდა იყოს შერჩეული სათანადოდ. ამისთვის საჭიროა შესაბამისი ხელფასი და სოციალური პაკეტები, რაც მათ სოციალურ სტატუსს უზრუნველყოფს, პედაგოგი უნდა იყოს დაფასებული; მეორე – მას უნდა ჰქონდეს გადამზადებისა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობა. ამაზე დგას ევროპული განათლების სისტემა“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.

მისივე შეფასებით, საქართველოს განათლების სისტემას ყველა მიმართულებით აქვს პრობლემა, ბაღის მასწავლებლებიდან დაწყებული, რომელთა ხელფასი დაახლოებით 200 ლარია, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებით დასრულებული, სადაც იგივე სახის პრობლემებია.

თუმცა, ტატო ხუნდაძის შეფასებით, მთავარი ჩავარდნა განათლების ქართულ სისტემას სკოლაში აქვს.

„ამას მოწმობს სხვადასხვა კვლევის შედეგები, რომელიც წიგნიერებასა და მათემატიკურ უნარებს შეეხება. ამიტომაც ცხადია, ამ ეტაპზე, აქცენტი უნდა გაკეთდეს სკოლამდელ და ზოგად განათლებაზე, მაგრამ ბუნებრივია, ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. არ უნდა დაიჩაგროს რომელიმე მიმართულება. პრიორიტეტები უნდა განისაზღვროს, მაგრამ არა იმდენად, რომ უარი ვთქვათ განათლების რომელიმე მიმართულებაზე“, – განაცხადა პირველი არხის ანალიტიკოსმა.

საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარადგინა. ახალი კონცეფციის თანახმად, განათლების სფეროს დაფინანსება ყოველწიურად გაიზრდება, 2022 წლისთვის მაქსიმუმს მიაღწევს და მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი იქნება.