მამუკა ბახტაძე - განათლების სფეროსკენ მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს 2022 წლისთვის მიაღწევს
მამუკა ბახტაძე - განათლების სფეროსკენ მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს 2022 წლისთვის მიაღწევს

განათლების სფეროსკენ მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ახალ ინიციატივის „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან და სინგაპურთან ერთად, საქართველო გახდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტია განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება.

„ჩვენ, შარშან, იყალთოს აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე დავაანონსეთ განათლების ფართომასშტაბიანი რეფორმა 2019- 2022 წლებისთვის. ეს რეფორმა ხორციელდება ხუთივე მიმართულებით, ეს არის სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და რა თქმა უნდა, მეცნიერება. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვიწყებთ რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტის გასახორციელებლად და ეს პროექტი უკვე ამოქმედდა.

მაგრამ ახლა, ჩვენ ხარისხოვნად ახალ ეტაპზე გვინდა გასვლა. განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს.

ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონმდებლობით – „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტი“, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს, რომ სწორედ აღნიშნული მასშტაბის ინვესტიცია განახორციელოს ყოველწლიურად განათლების სექტორში.

მეტიც – სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში გამოიწვევს კერძო სექტორის მხრიდანაც ინვესტიციების წახალისებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი სექტორი და მიაღწევს 10-11%-იან წილს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, სინგაპურთან და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად, საქართველო გახდება ქვეყანა, რომლის მთავარი პრიორიტეტია განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება. ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპით დაწინაურდება ევროპულ დონეზე, ხოლო პედაგოგი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი, და არა პრივილეგია იქნება.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს უნივერსიტეტები მოხვდებიან საერთაშორისო ტოპ-რეიტინგებში და აღარ იქნება საჭირო, რომ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა საზღვარგარეთ გავაგზავნოთ​ ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომის მისაღებად. შესაბამისად, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლება იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა – პრივილეგია.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გაიხსნება ისეთი პროფესიული სასწავლებლები, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ხელობებს, მიიღებენ ევროპულ სერტიფიკატებს და დასაქმდებიან მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში. ეს ნიშნავს სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიებს, საცდელ მეურნეობებს, კვლევით ცენტრებს და ინსტიტუტებს, შესაბამისად – ახალ აღმოჩენებს, მეცნიერულ მიღწევებს, ტექნოლოგიურ სტარტაპებს.

ეს ნიშნავს სახელოვნებო განათლების ინტენსიურ განვითარებას და ჩვენი კულტურის კიდევ უფრო გამდიდრებას. ეს ნიშნავს ახალ სკოლებს და საბავშვო ბაღებს ყველგან, ყველა რეგიონში. ახალ უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, ახალ კამპუსებს და რაც მთავარია – ახალ მკვლევრებს, პედაგოგებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, რომლებიც შეცვლიან ჩემთვის ყველაზე მიუღებელ ტერმინს – „მცირერიცხოვან ერს“, და გასცემენ პასუხს არცთუ რიტორიკულ შეკითხვაზე – „სად არის ხსნა“, განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ… თავისუფლებისკენ სიდუხჭირისგან და თავისუფლებისკენ ოკუპაციისგან. შესაბამისად, ხსნა არის განათლებულ საქართველოში!“ – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ახალი ინიციატივის – „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარდგენის ღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. პრემიერთან ერთად, სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ასევე თბილისის მერმა, კახა კალაძემაც მიმართეს.

დატოვე კომენტარი