ტატო ხუნდაძე - არჩევნებზე სახლში დარჩენა გაუაზრებლად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მხარდაჭერის გამოცხადებაა
ტატო ხუნდაძე - არჩევნებზე სახლში დარჩენა გაუაზრებლად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მხარდაჭერის გამოცხადებაა

არჩევნებზე სახლში დარჩენა გაუაზრებლად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მხარდაჭერის გამოცხადებაა, – ამის შესახებ პირველი არხის ანალიტიკოსმა ტატო ხუნდაძემ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობს განწყობა, როცა ამომრჩეველს არც ერთი პარტია არ მოსწონს და პროტესტის ნიშნად სახლში რჩება, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფი პარტიები – „ევროპული საქართველო“ და „გირჩი“ ფაქტობრივად, თავის ამომრჩეველს მოუწოდებენ, ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცენ.

ამ პირობებში სახლში დარჩენა აპრიორი ნიშნავს იმას, რომ უპირატესობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ენიჭება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, პირველ ტურში იმ ადამიანებს, რომლებსაც „ქართულ ოცნებასთან“ გარკვეული წყენა აქვთ, ჰქონდათ იმედი, რომ „ქართული ოცნება“ პირველ ტურში გამარჯვებას მაინც მოახერხებდა, ან დიდ უპირატესობას მოიპოვებდა და ამ ადამიანების არჩევნებზე მიუსვლელობა გარკვეულწილად, მათი მხრიდან „ქართული ოცნების“ დასჯა იქნებოდა.

ტატო ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2012 წელს გარკვეულწილად, რევოლუციური არჩევნები იყო და ამომრჩეველთა დიდი აქტივობა დაფიქსირდა, მაგრამ მომდევნო არჩევნებზე მათი აქტივობა ნელ-ნელა შემცირდა.