ტატო ხუნდაძე - რაც ახლა პირველი არხის გადაცემების მიმართ ხდება, ძალიან ბინძური მეთოდია, რომელიც საბჭოთა მეთოდებს მაგონებს
ტატო ხუნდაძე - რაც ახლა პირველი არხის გადაცემების მიმართ ხდება, ძალიან ბინძური მეთოდია, რომელიც საბჭოთა მეთოდებს მაგონებს

რაც ახლა პირველი არხის გადაცემების მიმართ ხდება, ძალიან ბინძური მეთოდია, რომელიც საბჭოთა მეთოდებს მაგონებს, – ამის შესახებ პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ გადაცემის თანაწამყვანმა, პირველი არხის ანალიტიკოსმა, ტატო ხუნდაძემ განაცხადა.

გადაცემის სტუმარი „ღია საზოგადოების ფონდის“ (ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“) მიერ დაფინანსებული კვლევის თემაზე ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი იყო.

პირველი არხის ანალიტიკოსის, ტატო ხუნდაძის შეფასებით, ევროპის კრიტიკა ევროპის შიგნით დაიბადა, ეს მისაღებია და ევროპას თვითონ ევროპელები აკრიტიკებენ. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი, ვალდებულია, საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს მათ შორის, ევროპის შესახებ.  

„სამწუხაროდ, რაც ახლა პირველი არხის გადაცემების მიმართ ხდება, ძალიან ბინძური მეთოდია და ძალიან მაგონებს საბჭოთა მეთოდებს. ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებსაც მომავალი წინ აქვთ, პირდაპირ აბრალებენ, რომ ისინი რუსულ პროპაგანდას ეწევიან.

კვლევაში ჯერ ადებენ პირველ არხს და შემდეგ გვერდზე უდებენ „ვრემიას“. შემდეგ ამბობენ, რომ თანხმობაშია ჩვენი პოზიციები კონკრეტული პოლიტიკური პარტიის და რუსეთის პროპაგანდასთან. შემდეგ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვეწევით ანტიევროპულ პროპაგანდას. ყველაფერი ეს საერთო ჯამში, მიანიშნებს ერთ რამეზე, ასოციაციურად კეთდება მინიშნება, რომ ჩვენ ვართ დაკავებული რუსული პროპაგანდით“, – განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც ქეთი ხუციშვილმა აღნიშნა, მას ეს საკითხი ასე არ დაუნახავს.

საუბარია კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი – „ღია საზოგადოების ფონდი“ (ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“). კვლევის შესახებ იხილეთ „მოამბის“ სიუჟეტი.