მიხეილ ჭკუასელი - სამინისტროების ოპტიმიზაცია განხორციელდა, მაგრამ ბიუროკრატია ეფექტური არ გამხდარა
მიხეილ ჭკუასელი - სამინისტროების ოპტიმიზაცია განხორციელდა, მაგრამ ბიუროკრატია ეფექტური არ გამხდარა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მმართველობის პერიოდში სამინისტროების ოპტიმიზაცია განხორციელდა, თუმცა სიღრმისეული რეფორმა არ გატარებულა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა მიხელ ჭკუასელმა დღეს „ბიზნესპარტნიორის“ მსვლელობისას განაცხადა. გადაცემაში პრემიერ-მინისტრის რანგში ბახტაძის მოღვაწეობა განიხილეს. ბახტაძემ პრემიერის პოსტი დღეს დატოვა.

ჭკუასელმა აღნიშნა, რომ როდესაც პრემიერის პორტფელი ჩაიბარა, მამუკა ბახტაძემ პრიორიტეტებს შორის მცირე მთავრობის კონცეფცია და ბიუროკრატიის უფრო ეფექტურად ამუშავებაც დაასახელა. „გურიელის“ გენერალური დირექტორი თვლის, რომ მართალია, მცირე მთავრობის კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ სიღრმისეული რეფორმა არ განხორციელებულა.

„პრემიერი ბახტაძე ერთი წლის წინ რომ მოვიდა, ხუთი პრინციპი და სამი სტრატეგიული მიმართულება ჰქონდა. ორი პრინციპი იყო მცირე მთავრობის კონცეფცია და ბიუროკრატიის უფრო ეფექტური მუშაობა და შემცირება. პრემიერის სტრატეგიული ხედვა აბსოლუტურად სწორი იყო. ზედა დონეზე გარკევული ნაბიჯები გადაიდგა, რაც სამინისტროების ოპტიმიზაციას გულისხმობდა, მაგრამ სიღრმისეული რეფორმა, როცა საუბარია სახელმწიფო მენეჯმენტზე და ბიუროკრატიაზე, არ განხორციელდა. სამინისტროების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ ბიუროკრატია უფრო ეფექტური არ გამხდარა“, – განმარტა მიხეილ ჭკუასელმა.

მისი აზრით, მამუკა ბახტაძემ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კუთხითაც კარგად იმუშავა, თუმცა ე.წ. ელექტრონული მთავრობის მექანიზმის დანერგვა ვერ მოახერხა.

„მან გამოაცხადა, რომ ტექნოლოგიები და ინოვაციები ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და ბევრი ნაბიჯიც გადადგა. მას ხშირად ჰქონდა შეხვედრები აშშ-ის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან. ამ ვიზიტების შედეგი ალბათ წინ გველოდება, რადგან ბევრი დაგეგმილი პროექტია განსახორციელებელი, მაგრამ სახელმწიფო მენეჯმენტში ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, სამწუხაროდ, ისევ ერთ ადგილს ვტკეპნით. არ მოხდა ე.წ. ელექტრონული მთავრობის დანერგვა, მეტი ტექნოლგიის, ე.წ. ბლოკჩეინის პრინციპებზე სამთავრობო სტრუქტურების გადაყვანა, რაც საშუალება მოგვცემდა, პირველ რიგში ბიუროკრატია შეგვემცირებინა და მეორე რიგში სწრაფი გადაწყვეტილებები მიგვეღო. ეს გამოიწვევს ხარჯების შემცირებას და მართვა ბევრად უფრო ოპტიმალური იქნება. სამწუხაროდ, ეს ჯერ არ მომხდარა“, – განაცხადა მიხეილ ჭკუასელმა.

დატოვე კომენტარი