თამაზ დოლაბერიძე - იმედია, უკრაინელ ექსპერტებს მინდელის შახტში კვლევის პროცესში სრულფასოვნად მონაწილეობის საშუალება მიეცემათ
თამაზ დოლაბერიძე - იმედია, უკრაინელ ექსპერტებს მინდელის შახტში კვლევის პროცესში სრულფასოვნად მონაწილეობის საშუალება მიეცემათ

იმედია, კომპანია „საქნახშირი“ საშუალებას მოგვცემს, მინდელის შახტში კვლევის პროცესში უკრაინელ ექსპერტებს სრულფასოვნად მონაწილეობის საშუალება მიეცემათ, – ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შახტში მომუშავეები ყოველდღიურად რისკის ქვეშ არიან, ამიტომ უცხოელი ექსპერტების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ადმინისტრაციის, ისე სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის.

„შახტში მუშაობის ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ჩვენ ყოველდღიურად რისკისა და შიშის ქვეშ ვიმყოფებით, რომ კიდევ ვიღაც გარდაიცვლება, ამიტომ აუცილებელია, რომ თანამშრომლობის სურვილი ყველა მხრიდან გამოითქვას“, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

მისი თქმით, შახტის შესაძლო დახურვა მხოლოდ უკიდურესი ზომაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს, რადგან ეს ტყიბულის მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში ჩააგდებს.

„შახტები ტყიბულისთვის არის მნიშვნელოვანი. სამუშაო ადგილების დაკარგვა ტყიბულში არაფრით არ შეიძლება. ეს არამარტო 1200 ტყიბულელი მეშახტის პრობლემა იქნება, არამედ 36 ათასკაციანი მუნიციპალიტეტის დაღუპვაც, ამიტომ აუცილებელია, რომ შახტებთან დაკავშირებით მოხდეს დეტალური კვლევა, მისი რეაბილიტაცია და გამოსწორება. ტყიბულისთვის შახტა არის დასაქმების ერთადერთი ადგილი და ამ საკითხს სჭირდება სახელმწიფოებრივი მიდგომა“, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

ტყიბულში, მინდელის შახტის დასათვალიერებლად უკრაინელი ექსპერტები ჩავიდნენ.