თამაზ დოლაბერიძე - დამსაქმებლები გრძელვადიანი სოციალური დიალოგის პროცესს გულგრილად ეკიდებიან, გაფიცვებს სწორედ ეს იწვევს
თამაზ დოლაბერიძე - დამსაქმებლები გრძელვადიანი სოციალური დიალოგის პროცესს გულგრილად ეკიდებიან, გაფიცვებს სწორედ ეს იწვევს

გაფიცვების მთავარი მიზეზი ისაა, რომ დამსაქმებლები გრძელვადიანი სოციალური დიალოგის პროცესს გულგრილად ეკიდებიან, – ამის შესახებ პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ სამი ათასამდე თანამშრომლის გაფიცვის საკითხი განიხილეს. გაფიცვა უკვე მერვე დღეა მიმდინარეობს.

გადაცემის თანაწამყვანი და ილიაუნის ბიზნესადმინისტრირების დოქტორი გიორგი აბაშიშვილი დაინტერესდა, კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით რამდენად თანმიმდევრული და გრძელვადიანი სტრატეგია აქვს პროფკავშირებს და ხომ არ შემოიფარგლება ე.წ. მეხანძრის როლით. მისი აზრით, ხშირად, ერთი გაფიცვა ჩაქრება და მერე სხვა კერა ჩნდება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კომპანიასთან დიალოგი უწყვეტად არ მიმდინარეობს.

დოლაბერიძე მიიჩნევს, რომ მთავრი პრობლემა დამსაქმებელთა მხრიდან გრძელვადიანი სოციალური დიალოგის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებაა.

„სწორედ ამაშია მთავარი პრობლემა, რომ კომპანია და ზოგადად დამსაქმებლები ძალიან არაჯეროვნად ეკიდებიან გრძელვადიან პროცესს, რასაც სოციალური დიალოგი ეწოდება. ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ წახალისებული არ არის და არ ინერგება შესაბამისი მექანიზმები, რის რეკომენდაციასაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტები იძლევა. ჩვენ, პროფკავშირები სულ ვახსენებთ კომპანიებს იმ ყოველდღიურ წვრილ-წვრილ პრობლემებს, იქნება ეს საყოფაცხოვრებო თუ სოციალური მიმართულებით, რასაც ემატება ქვეყანაში არსებული ფინანსური და ეკონომიკური გარემო, ვალუტის კურსის გაუფასურება, ინფლაცია, სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდა და ა.შ, ყველაფერს, რაც დასაქმებულებში მათი მდგომარეობის შეცვლის მოთხოვნას ქმნის. კომპანიებს ყოველდღიურად ვაწვდით ინფორმაციას და რეკომენდაციებს აღნიშნულ პრობლემებზე“, – განმარტა დოლაბერიძემ.

თამაზ დოლაბერიძის თქმით, დღესდღეობით ჭიათურაში მიმდინარე მაღაროელთა პროტესტი უვარგისმა საკვებმა გამოიწვია, რასთან დაკავშირებითაც პროფკავშირმა არაერთხელ მიმართა კომპანიას, მაგრამ საკითხი დროულად არ გადაწყდა.

პროფკავშირის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პრობლემების დროში გაჭიანურება იწვევს საპროტესტო მოძრაობის  დაწყებას

„პროტესტი გამოიწვია უვარგისმა საკვებმა იმ კონკრეტულ დღეს. საკვებთან დაკავშირებით პროფკავშირებმა ძალიან ბევრჯერ მიმართა კომპანიას, რომ საჭირო იყო ამ საკითხის მოგვარება. არ ვიცი, კომპანიას უჭირს ეს, თუ როგორ არის, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ და მერე დროულად შესრულდეს, მაგრამ დიდი დრო რომ გადის, შემდეგ იზრდება პროტესტის მუხტი და გადადის რაღაც რევოლუციურ მოთხოვნაში, ხელფასის ზრდის მოთხოვნაში“, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.