თამარ ქალდანი - საგანმანათლებლო პროცესზე ან სტუდენტის ქცევაზე დაკვირვებისთვის ვიდეოთვალთვალი არ შეიძლება
თამარ ქალდანი - საგანმანათლებლო პროცესზე ან სტუდენტის ქცევაზე დაკვირვებისთვის ვიდეოთვალთვალი არ შეიძლება

საგანმანათლებლო პროცესზე ან სტუდენტის ქცევაზე დაკვირვების მიზნით ვიდეოთვალთვალის გამოყენება არ შეიძლება, – ეს განცხადება პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა კერძო და საჯარო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე გააკეთა.

ქალდანის თქმით, აუდიტორიებში ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებით ევროპის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მისმა უწყებამ კერძო და საჯარო უნივერსიტეტებისთვის რეკომენდაციები განაახლა.

„ვიდეოთვალთვალი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების მიზნებისთვის განხორციელდეს და მისი გამოყენება საგანმანათლებლო პროცესზე ან სტუდენტის ქცევაზე დაკვირვების მიზნით არ შეიძლება. გამაფრთხილებელი ნიშნები თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს განთავსებული და მოლოდინი ადეკვატური უნდა იყოს. კამერა ძალიან ბევრ აუდიტორიაშია დამონტაჟებული, თუმცა რა მიზნით ხდება მისი გამოყენება, არავინ არ იცის. უნდა ვიმსჯელოთ იმისთვის, რომ შევჯერდეთ უკეთესი მდგომარეობის მისაღებად რისი გაკეთება შეიძლება“, – აღნიშნა ქალდანმა.

თამარ ქალდანი სხვადასხვა სექტორში, მათ შორის საგანმანათლებლო სექტორში უფრო მეტი შემოწმების ჩატარებას გეგმავს.

„პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე უფრო მეტი სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი მოგვმართავს. რეკომენდაციების პირველი რაუნდი ჩვენ გამოქვეყნებული გვქონდა. რეკომენდაციები განვაახლეთ, რადგან აუდიტორიებში ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებით ევროპის სასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ ბევრი საკითხი, რომელიც პრაქტიკაში დაგროვდა, საჭიროა რეკომენდაციების დონეზე შეთავაზებული იყოს. სხვადასხვა სექტორში, მათ შორის საგანმანათლებლო სექტორში ჩვენი ინიციატივით უფრო მეტი შემოწმების ჩატარებას ვგეგმავთ, რათა იქ არსებული შესაძლო დარღვევები აღმოვფხვრათ და მეორე მხრივ, პრევენციული მოქმედებებით საგანმანათლებლო სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების ამაღლებას ხელი შევუწყოთ“, – აღნიშნა ქალდანმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განმარტებით, მონაცემთა ბაზებზე წვდომის საკითხიც ასევე პრობლემურია.

„ნიშნები და სხვა ინფორმაცია, ერთი კონკრეტული სტუდენტის გარდა, სხვა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. მონაცემთა ბაზები, რომლებიც არსებობს, უნდა აღირიცხებოდეს იმისთვის, რომ თუ ინფორმაცია გამჟღავნდა, ზუსტად შეგვეძლოს იმის იდენტიფიცირება, ინფორმაციის გამჟღავნების წყაროს ვინ წარმოადგენდა. დღეს ჩვენ უშუალოდ მონაცემთა დამმუშავებელ ორგანიზაციებს ვხვდებით. ანუ მათ, ვინც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაცემების დაცვაზე უშუალოდ პასუხისმგებელია“, – განაცხადა ქალდანმა.