თბილისში პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს
თბილისში პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს

საქართველო პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს.

საგაზაფხულო კონფერენციაზე პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებულ გლობალურ გამოწვევებს, მონაცემთა დაცვის ახალ ევროპულ სტანდარტს და ბავშვთა პირადი ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობას განიხილავენ.

ღონისძიება, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ევროპული ფორუმია, საქართველოში პირველად ტარდება.

საგაზაფხულო კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა გახსნეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ბოლო წლებში საქართველოში გატარებულ რეფორმებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის მნიშვნელობას ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე.

საგაზაფხულო კონფერენციაში საქართველოს 100-მდე მაღალი რანგის დელეგატი სტუმრობს. მათ შორის არიან ევროკომისიისა და ევროსაბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებისა და ევროპის მონაცემთა დაცვის უწყებების პირველი პირები. ქართული მხარის მოწვევით, დამკვირვებლების სტატუსით ესწრებიან სან-მარინოსა და უკრაინის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლები.

კონფერენციის მასპინძლები და სტუმრები მსჯელობენ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) დანერგვა, ბავშვთა პირადი ცხოვრების დაცვა, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მონაცემთა დაცვაში. კონფერენციის ფარგლებში ასევე განიხილება თურქეთის კონფერენციის წევრად აკრედიტაციის საკითხიც.

საგაზაფხულო კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 10 მაისს დასრულდება.