სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - გამოწვევად რჩება კერძო დაწესებულებებში დასაქმებულთა აუდიო-ვიდეოთვალთვალი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - გამოწვევად რჩება კერძო დაწესებულებებში დასაქმებულთა აუდიო-ვიდეოთვალთვალი

საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება კანონით დადგენილი წესების დაცვა ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ შენობებში ვიდეოსათვალთვალო სისტემების განთავსებისას, კერძო დაწესებულებებში დასაქმებულთა აუდიო-ვიდეოთვალთვალი და სამართალდამცავი ორგანოების მიერ შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღება ვიდეოთვალთვალისას, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, როგორც მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე, ასევე, საკუთარი ინიციატივით, შეისწავლა სახელმწიფო სტრუქტურებში, უნივერსიტეტებში, სავაჭრო ობიექტებში, სამედიცინო დაწესებულებებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსებში, რესტორნებში, სასტუმროებსა და საცხოვრებელ შენობებში განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემებით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების 48 შემთხვევა: ცხრა – საჯარო სექტორში (აქედან ოთხი სამართალდამცავ ორგანოებში), ხოლო 39 – კერძო სექტორში. უწყების ინფორმაციით, შესწავლის შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 17 ფაქტი გამოვლინდა, სადაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 12 შემთხვევაში კერძო ორგანიზაციას დაეკისრა, ხოლო ხუთ შემთხვევაში – საჯარო დაწესებულებას. უწყება განმარტავს, რომ როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, დასაქმების ადგილზე ნებისმიერი სახის მონიტორინგი მკაცრად შეზღუდულია და ვიდეოთვალთვალის კანონით მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების მიუხედავად, კერძო ორგანიზაციებში კვლავ გამოწვევად რჩება სამუშაო ადგილებზე აუდიო-ვიდეოთვალთვალი.

„კერძო კომპანიების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მათ მიერ სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება არ ისახავდა კანონით დადგენილ მიზნებს: პირის უსაფრთხოება და საკუთრების დაცვა, საიდუმლო ინფორმაციის დაცვა, გამოცდის/ტესტირების ჩატარება.

შემოწმებების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი დარღვევები: ერთ-ერთი კომპანია დასაქმებული პირების აუდიო-ვიდეოთვალთვალს სამუშაო ადგილზე ახორციელებდა მათი ქცევისა და კლიენტებთან მომსახურების ხარისხის გასაკონტროლებლად;

ერთ-ერთი კომპანია ახორციელებდა როგორც სამუშაო, ასევე საერთო სივრცეების (მათ შორის სამზარეულოს და სხვა საერთო სარგებლობის ოთახების) აუდიო-ვიდეოთვალთვალს. კომპანიამ ვერ დაასაბუთა მომხმარებელთა აუდიო-ვიდეოთვალთვალის საჭიროება მომსახურების, შეხვედრების, ტრენინგებისა თუ ადმინისტრაციის ოთახებსა და სამზარეულოში;

„საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ერთ-ერთი კომპანიის მიერ გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერები იწერდნენ გამვლელ პირთა საუბარსაც.

კერძო კომპანიები აღნიშნავენ, რომ თანამშრომელთა აუდიო-ვიდეოთვალთვალის მიზანია მონიტორინგი მომსახურების ხარისხზე და შესაბამისად, კომპანიის საქმიანობის გაუმჯობესება. კომპანიების ეს არგუმენტი ვერ იქნება გაზიარებული, რადგან სამუშაო სივრცის აუდიო-ვიდეომონიტორინგი ავტომატურად ნიშნავს ნებისმიერი მოქმედების, ასევე, სამსახურებრივი თუ არასამსახურებრივი (მაგ.: თანამშრომლებს შორის) საუბრების პირდაპირ კონტროლს ამ სივრცეში. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება კომპანიებს შეუძლიათ უფრო ნაკლები მოცულობის ინფორმაციის დამუშავებითაც (მაგ. უშუალოდ მომხმარებელთან სატელეფონო საუბრების აუდიოჩაწერა, ე.წ. „მისტიკური მომხმარებლის“ გამოყენება და სხვა). ამ კუთხით ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა ყოველთვის არ მოითხოვს 24-საათიან რეჟიმში სამუშაო სივრცის აუდიო-ვიდეომონიტორინგს. შესაბამისად, ამ გზით კომპანიების მხრიდან საჭიროზე მეტი მოცულობის მონაცემთა დამუშავება არღვევს დასაქმებულთა პირად ცხოვრებას და არ შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს.

ვინაიდან კომპანიებმა ვერ შეძლეს აუდიო-ვიდეოთვალთვალის საჭიროების დასაბუთება, მათ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაევალათ აუდიო-ვიდეოთვალთვალის შეწყვეტა.

საანგარიშო პერიოდში ასევე გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როცა დამსაქმებლები დასაქმებულებს წერილობითი ფორმით აწვდიდნენ ინფორმაციას სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის შესახებ, თუმცა მათ არ აცნობდნენ კანონით გათვალისწინებულ უფლებებს (მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, განადგურება)“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია ფიზიკურ პირებზეც. უწყების ცნობით, ფიზიკური პირები საკუთარი ქონებისა და პირის უსაფრთხოების დასაცავად, საცხოვრებელ შენობებში ვიდეოთვალთვალის სისტემებს აყენებენ და ამგვარი მონიტორინგი ნებადართულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის დროს მონაცემთა დამმუშავებელმა (ქონების მესაკუთრე, მფლობელი) დასახელებულ მიზნებს (ქონებისა და უსაფრთხოების დაცვა) მიაღწიოს იმგვარად, რომ საცხოვრებელი შენობის თანამესაკუთრეებმა ან იმავე ეზოსა და სივრცეში მცხოვრებმა პირებმა შეძლონ საკუთარი საცხოვრებელი სივრცით სარგებლობა კონტროლის გარეშე, შესაბამისად, პირადი ცხოვრების უფლების დაუბრკოლებლად რეალიზებაც.

„საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა ფიზიკური პირების მხრიდან საცხოვრებელ შენობებში ვიდეოთვალთვალის არაერთი ფაქტი. 2019 წელი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ამ საკითხზე მომართვიანობით.

ჩატარებული შემოწმებებით დგინდება, რომ ფიზიკური პირები არ იცავენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონს და ვიდეოთვალთვალის სისტემებს აყენებენ შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობის გარეშე; შენობაში მცხოვრები პირები არ არიან ინფორმირებულნი ვიდეოთვალთვალის სისტემის განთავსებაზე; მისი მეშვეობით მონიტორინგი ხორციელდება არა მხოლოდ საკუთარ შესასვლელსა და საერთო სივრცეზე, არამედ სხვა მესაკუთრეთა ბინების შესასვლელებზეც (მათი წერილობითი თანხმობის გარეშე). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა ერთ-ერთ საცხოვრებელ შენობაში განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერება. შედეგად დადგინდა, რომ ვიდეოთვალთვალის განმახორციელებელ პირს, საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საცხოვრებელ შენობაში განთავსებული ჰქონდა ექვსი კამერა, რომელთა ხედვის არეალი, შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობის არარსებობის მიუხედავად, მოიცავდა სადარბაზოს საერთო შესასვლელს, ლიფტს, საერთო სარგებლობის კიბეებსა და მის საკუთრებაში არსებული ბინის შესასვლელს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ვიდეოთვალთვალის გზით მონაცემთა დამუშავების კანონიერება შეისწავლეს ისეთ საკითხებთან მიმართებით, სადაც მონაცემთა კანონის დარღვევით დამუშავების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაღალი იყო მონაცემთა სუბიექტებისთვის ზიანის მიყენების რისკი.

„შესწავლილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერება დროებითი მოთავსების იზოლატორში ვიდეოთვალთვალის შედეგად. ამასთან, ჩატარდა სამი შემოწმება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლიციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიების ფარგლებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესახებ. სამსახურმა შეისწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროში, გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტოტექნიკისა (რადარი) და ვიდეოტექნიკის (ე.წ. „ჭკვიანი“ კამერების) საშუალებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე მონაცემთა დამუშავება, ასევე, პერსონალური მონაცემების დამუშავება პოლიციის სარგებლობაში არსებული შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (ე.წ. უკონტაქტო პატრულირება), ავტომატური ფოტო/ვიდეოტექნიკისა და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს გამოყენებით. შედეგად, დადგინდა, რომ სამინისტრო გზასა და შენობების გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტოტექნიკისა (რადარი) და ვიდეოტექნიკის(ე.წ. „ჭკვიანი“ კამერების) საშუალებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისა და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ფორმით ამუშავებს დიდი მოცულობის მონაცემებს (შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, ვიდეოჩაწერა, შენახვა და გამოყენება). სამინისტროს მხრიდან ამ მონაცემების დამუშავებისას არ იყო უზრუნველყოფილი კანონით გათვალისწინებული მონაცემთა უსაფრთხოების მოთხოვნები. კერძოდ, არ აღირიცხებოდა ელექტრონული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედება; მონაცემთა დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე არ იყო განსაზღვრული ამ მონაცემთა შენახვის ვადები და ისინი არ იშლებოდა განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ; რიგ შემთხვევაში ფიქსირდებოდა სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით მოპოვებული მონაცემების დუბლირებული შენახვის შემთხვევები. სამინისტროს დაევალა მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრა და ისეთი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღება, რომლებიც განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ უზრუნველყოფდა მონაცემთა ავტომატურ წაშლას/ დეპერსონალიზაციას და მონაცემთა დუბლირებული შენახვის პრევენციას.

უკონტაქტო პატრულირების გზით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირება და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება ხორციელდება სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებისა და პროცედურული ეტაპის გავლის გზით. ეს, მათ შორის, მოიცავს: ფაქტის ვიდეოჩაწერას, გადმოწერას, დამუშავებას, გადაგზავნას, შესაბამის პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებაში ატვირთვას და სხვა. დადგინდა, რომ მონაცემთა დამუშავების მიზნით გამოყენებული საშუალებები ვერ უზრუნველყოფდა პერსონალურ მონაცემთა დაცვას უკანონო დამუშავებისგან (მაგ.: რიგ შემთხვევებში, კონკრეტულ ტექნიკურ საშუალებაზე არ იყო დაყენებული მომხმარებლის სახელი და პაროლი; მონაცემთა დამუშავების მიზნით გამოყენებულ საშუალებებში არ იყო ინტეგრირებული ელექტრონულ მონაცემთა მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების აღრიცხვის ჟურნალი; მოპოვებულ მონაცემთა წაშლა დამოკიდებული იყო ტექნიკური საშუალების მომხმარებელზე. სამინისტროს მიეცა დავალება კანონით განსაზღვრული მონაცემთა უსაფრთხოების მოთხოვნების პრაქტიკაში შესასრულებლად)“, – აღნიშნულია ანგარიშში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, არსებული ხარვეზებიდან გამომდინარე, რეკომენდაციებსაც გასცემს.

„ვინაიდან, ვიდეოთვალთვალი პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის საკმაოდ ინტენსიური ფორმაა, მნიშვნელოვანია, რომ როგორც კერძო/საჯარო დაწესებულებებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა, ზედმიწევნით დაიცვან კანონის მოთხოვნები, კერძოდ: ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გააანალიზონ აუდიო-ვიდეოთვალთვალის მიზნები და მონაცემთა დამუშავების აღნიშნული ფორმა არ გამოიყენონ ისეთ შემთხვევებში, როცა მიზნის მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებ შემზღუდავი საშუალებების გამოყენებითაც; ზუსტად შეაფასონ არსებული საჭიროებები და ვიდეოთვალთვალი განახორციელონ მხოლოდ კონკრეტული მიზნის პროპორციული და შესაბამისი მოცულობით;

განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ სამუშაო ადგილას ვიდეოთვალთვალს და ეს საშუალება გამოიყენონ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მიზნით და იმ დათქმით, რომ ჯეროვნად შესრულდება კანონით განსაზღვრული, დასაქმებულთა წერილობითი ინფორმირების ვალდებულება;

მიიღონ ყველა შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომა, რომლებიც, ერთი მხრივ, დაიცავს მონაცემებს ნებისმიერი ფორმის შემთხვევითი ან უკანონო დამუშავებისგან, ხოლო მეორე მხრივ, კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ხელს შეუწყობს ფაქტთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლას“, – ნათქვამია ანგარიშში.

დატოვე კომენტარი