თამარ ქალდანი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პირველი ივლისიდან ამოქმედდება
თამარ ქალდანი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პირველი ივლისიდან ამოქმედდება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კანონის ამოქმედებისთვის უწყება შესაბამისად მზად იყოს.

„აღნიშნულის შესახებ კანონი პირველ ივლისს უნდა ამოქმედდეს. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ამ კანონის ამოქმედებისთვის მზად ვიყოთ. მთავრობასთანაც დამატებითი კომუნიკაცია გვაქვს და ახლა დამატებით ფინანსურ რესურსსა და გარკვეულ შეთანხმებებს ველით, მათ შორის საშტატო რიცხოვნობაზე, რომ ინფრასტრუქტურის მომზადება, ასევე ახალი საგამოძიებო ფუნქციების განსახორციელებლად დამატებით თანამშრომლების აყვანა დავიწყოთ, რათა სათანადო რაოდენობის გამომძიებლები გვყავდეს, რომლებიც შეძლებენ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ფაქტებსა და დანაშაულებზე, რომლის გამოძიებაც ახალი სამსახურის კომპეტენცია იქნება“, – განაცხადა ქალდანმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

„ახლა არის პირველი ტრანში. ჯამურად საუბარი ცოტა რთულია, რადგან რაღაც საკითხები დასაზუსტებელია, მათ შორის ტენდერის ფარგლებში რა და როგორ დაიზოგება, პროცედურები როგორ წარიმართება. ვიხელმძღვანელებ პარლამენტის განმარტებითი ბარათით, რომლითაც კანონის ამოქმედება ექვსი თვით გადავადდა. მაქსიმუმ 8.5 მლნ ლარზეა საუბარი“, – განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით კანონი ძალაში 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა შესულიყო. თუმცა პარლამენტმა ამოქმედება ექვსი თვით გადაავადა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს.