პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურების განხილვას იწყებს
პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურების განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურების განხილვას იწყებს. ინსპექტორის თანამდებობაზე ორი კანდიდატია შერჩეული – შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ლონდა თოლორაია და ყოფილი სამართალდამცველი ვალერი ლომუაშვილი. ისინი სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებით იყო დაკომპლექტებული, 48 კანდიდატიდან შეარჩია.

კანდიდატურებს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს, მოგვიანებით კი დეპუტატები პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

როგორც მმართველი გუნდის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, კანდიდატების შერჩევის პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართა, საპარლამენტო განხილვებისას კი საკანონმდებლო ორგანო ღირსეული კანდიდატის შერჩევას უზრუნველყოფს.

„მინდა, გითხრათ, რომ როგორც კონკურსი ჩატარდა კანონმდებლობასთან შესაბამისად, გამჭვირვალედ და იცით, რომ საკონკურსო კომისიაში მონაწილეობდა არასამთავრობო სექტორიც და ბევრი კანდიდატიც, 40-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა განაცხადი შეტანილი, ასევე, საპარლამენტო ნაწილში ეს პროცესი წარიმართება კანონმდებლობის სრული დაცვით. ჩვენ შევარჩევთ ყველაზე ღირსეულ კანდიდატს, ვისაც ექნება შესაბამისი კომპეტენციები, გამოცდილება ადამიანის უფლებათა სფეროში და ასევე, საკმარისი უნარები, რათა ამ ინსტიტუტის საქმიანობას გაუძღვეს. როგორც იცით, თვითონ ეს ინსტიტუტი ხელისუფლების ინიციატივით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით შეიქმნა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მან ეფექტურად იმუშაოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სახელმწიფო ინსპექტორს, თამარ ქალდანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 1-ელ ივლისს ეწურება. სწორედ ამ დროიდან ამოქმედდება ინსპექტორის სამსახურის ახალი ფუნქცია, რომელიც მას სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებას ანიჭებს.