თამარ ქალდანი - საპრეზიდენტო არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სიები ლეგიტიმურად ჰქონდათ მოპოვებული
თამარ ქალდანი - საპრეზიდენტო არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სიები ლეგიტიმურად ჰქონდათ მოპოვებული

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სიები ლეგიტიმურად ჰქონდათ მოპოვებული. როგორც ქალდანმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია, რათა ლეგიტიმურად მოპოვებული საარჩევნო სიების არამიზნობრივად გამოყენება არ მოხდეს.

„ბოლო ორ წელია, არჩევნების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავება საკმაოდ აქტუალური საკითხია. ეს თემა ჩვენ წელსაც აღვნიშნეთ. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შევისწავლეთ და ვნახეთ, რომ არ დადასტურდა ეჭვი, რომელიც თავიდან გამოითქმოდა, თითქოს საარჩევნო უბნებიდან ფოტოსურათებიანი სიების ასლების გატანა უკანონოდ მოხდა. ასეთი რამ არ დადასტურდა, პირიქით, დადასტურდა, რომ სია ექვს პოლიტიკურ პარტიას და ხუთ დამკვირვებელ ორგანიზაციას კანონიერად ჰქონდა მოპოვებული. ახლა პარლამენტში სწორედ იმას ვუსვამთ ხაზს, რომ საჭიროა მიზნობრივი, მოცულობითი და უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობაში გარკვეული საკითხების განხილვა და გადასინჯვა.

იმისთვის, რომ ისეთი მდგომარეობა არ მივიღოთ, როდესაც ლეგიტიმურად მოპოვებული მონაცემები შეიძლება არასწორი მიზნებისთვის გამოიყენებოდეს. ან უსაფრთხოება სათანადოდ და არაპროპორციული მოცულობით დაცული არ იყოს. საკითხი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რეგულირების სფეროს სცდება.

ჩვენი აზრით, საკანონმდებლო დონეზე მეტი უსაფრთხოებისა და მეტი დაცვის სტანდარტების მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციები გადახედვას მოითხოვს. ლეგიტიმურად მოპოვებული სია არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ამომრჩევლის ხმის საიდუმლოების ან ამომრჩევლის აღრიცხვისთვის, ის გამოცხადდა თუ არა არჩევნებზე. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები აუცილებელია“, – განაცხადა თამარ ქალდანმა.