თამარ ქალდანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რანგში პარლამენტში ბოლო ანგარიშით წარდგა
თამარ ქალდანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რანგში პარლამენტში ბოლო ანგარიშით წარდგა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი პარლამენტის წინაშე ბოლო ანგარიშით წარდგა. მან დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა 2018 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ.

ანგარიშის თანახმად, გაზრდილია როგორც ფარული მიყურადების, ასევე შეჩერების მექანიზმის გამოყენების შემთხვევები. ქალდანის განცხადებით, „ინსპექტორის სამსახური ექვსი წლის წინ ნული იყო, დღეს კი, შემდგარია და ამას მოწმობს არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის ანგარიშები.”

„ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს რაც შეეხება, გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით, გაზრდილია. ამას აქვს მათ შორის ის მიზეზიც, რომ გარკვეული ტიპის დანაშაულებები დაემატა კანონმდებლობაში. პარალელურად, ასევე გაზრდილია შეჩერების მექანიზმი. ავიღოთ მაგალითად სატელეფონო მოსმენა, ათას სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი განჩინება იყო, აქედან ყველას დაკმაყოფილება არ მომხდარა; 97 შემთხვევაში გამოვიყენეთ შეჩერების მექანიზმი. 2017 წელს შეჩერების მექანიზმი გამოყენებული იყო 47 შემთხვევაში, 2018 წელს – 97 შემთხვევაში”, – განაცხადა თამარ ქალდანმა.

მისივე თქმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი აკვირდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესს.

„ვახორციელებთ კონტროლს სხვადასხვა მიმართულებით და ეს არ არის მხოლოდ შეჩერების მექანიზმი. არსებობს კიდევ რამდენიმე მექანიზმი, მათ შორის ინსპექტირება და მხოლოდ გასულ წელს 70 შემთხვევა გვაქვს შესწავლილი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს უკავშირდებოდა. თუ ვიხელმძღვანელებთ ევროკავშირის წარმომადგენლების თუ სხვა ობიექტური ორგანიზაციების შეფასებებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემა, რომელიც არაფერი არ იყო, ნული იყო ექვსი წლის წინ, დღეს უკვე შემდგარია”, – განაცხადა ქალდანმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ანგარიშის წარდგენისას ინსპექტორის სამსახურის ახალ უფლებამოსილებასაც შეეხო. საუბარია დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმზე, რომლის საშუალებითაც, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება მოხდება. აღნიშნული საგამოძიებო ორგანო ფუნქციონირებას ივლისიდან დაიწყებს. თამარ ქალდანის აზრით, ის ფაქტი, რომ მისთვის ფინანსები არ არის გამოყოფილი, ითამაშებს ხელისშემშლელ როლს საგამოძიებო მექანიზმის ეფექტიანი მუშაობის საკითხში.

„სამწუხაროდ, ჯერაც არ არის გამოყოფილი ის თანხები, რომელიც მომცემს შესაძლებლობას, დავაკომპლექტო თუნდაც ნაწილი საგამოძიებო გუნდის იმისთვის, რომ პირველი ივლისიდან გვქონდეს უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა. ასევე თანხები არ არის გამოყოფილი ინფრასტრუქტურისთვის. პარლამენტს ვთხოვე, რომ ამ მიმართულებით გააქტიურდეს, იმიტომ რომ ძალიან მცირე ვადაა დარჩენილი და ახლა ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კანონის ამოქმედებას საფრთხე არ დაემუქროს”, – განაცხადა ინსპექტორმა.

თამარ ქალდანს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ივნისის ბოლოს ეწურება. მისი შემცვლელის შესარჩევად კონკურსი უკვე გამოცხადებულია.