თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის წევრების ვალდებულებაა, ევროპარლამენტის შეცდომაში შეყვანა არ დავუშვათ
თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის წევრების ვალდებულებაა, ევროპარლამენტის შეცდომაში შეყვანა არ დავუშვათ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ექსპერტ ნონა მიხელიძის მიერ მომზადებული ანგარიში საკმაოდ მიკერძოებული და არაკომპეტენტურია.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან დღეს გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრეს.

„ევროკომისარსაც აქვს თავისი მოსაზრებები, საკითხს უფრო დეტალურად ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ გაეცნობა. ნამდვილად ცალმხრივი და კომპეტენტურობას მოკლებული ანგარიშია. არ ვიცი, თავად რაზე საუბრობს, მაგრამ ევროკომისარმაც ახსენა, რომ გარკვეული ინფორმაცია აქვს, რომ მათ მიერ შექმნილ დოკუმენტზე პრობლემა იყო. საქართველოს თაობაზე კომუნიკაცია ყოველთვის არის, მით უმეტეს, როცა შეიძლება ნებისმიერი ანგარიში იყოს შემდეგ გამოყენებულ რეზოლუციებსა და ოფიციალურ დოკუმენტებში. როცა დოკუმენტის წყარო არაკომპოტენტურია, ბუნებრივია, ჩვენს ევროპელ კოლეგებს ინფორმაციას ვაწვდით და ვეუბნებით, რომ ან ფაქტობრივი შეცდომებია დაშვებული, ან არასწორი შეფასებებია გაკეთებული. ეს ჩვენი მოვალეობაა, როგორც პარლამენტის წევრებისა და საქართველოს წარმომადგენლების“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც რისკი ჩნდება, რომ ევროპარლამენტი არაკომპეტენტურ ანგარიშს დაეყრდნოს, ეს არ უნდა დაუშვან და ევროპარლამენტს სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.

„როცა ანგარიშში არასწორი ფაქტი წერია, მასზე პარლამენტმა ევროპარლამენტს სწორი ინფორმაცია უნდა მოაწოდოს. პარლამენტის წევრების ვალდებულებაა, ევროპარლამენტის შეცდომაში შეყვანა არ დავუშვათ, მათ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ და ამას რომ არ ვაკეთებდეთ, ამაზე უნდა გვაკრიტიკებდეთ და არა – პირიქით“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ 30 აგვისტოს ანგარიში მოისმინეს. 

კომიტეტში ანგარიში მომხსენებლის, ანდრეი მამიკინსის სახელით ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ წარადგინა. მისი განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში აჩვენებს, რამდენად შორს წავიდნენ ქართველები ევროინტეგრაციის გზაზე.

გარდა ამისა, მიწვეულმა ექსპერტმა ნონა მიხელიძემ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის ალტერნატიული ვარიანტი წარადგინა, რომელიც ძირითადი მოხსენებისგან განსხვავებით, მწვავედ კრიტიკული იყო.