კლერ მუდი - შემიძლია, დავადასტურო ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს შორის კარგი კოორდინაცია
კლერ მუდი - შემიძლია, დავადასტურო ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს შორის კარგი კოორდინაცია

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინეს.

ანგარიში, რომელზეც მომხსენებელი ანდრეს მამიკინსია, ბრიტანელმა დეპუტატმა, სოციალ-დემოკრატების წევრმა, კლერ მუდიმ წარადგინა.

„ეს არის პირველი ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ და მოხარული ვარ, რომ ის მომზადდა უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ანგარიშების პარალელურად, რაც საშუალებას გვაძლევს, გავაკეთოთ შედარებები და შესაძლოა, გამოვთქვათ გარკვეული რეკომენდაციები. ასოცირების შეთანხმება ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური საერთაშორისო ხელშეკრულებაა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის ევროკავშირის ნორმების შემოღების ავალდებულებს“, – აღნიშნა კლერ მუდიმ.

ევროპარლამენტარმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან დაახლოების პროცესში საგზაო რუკაზე მუშაობის მნიშვნელობას.

„2017 წელს ევროინტეგრაციის მიზანი შეიტანეს საქართველოს კონსტიტუციაში, რითაც ის პოლიტიკური კონკურენციისგან დამოუკიდებელი გახდა. ამასთან ერთად, საქართველო ამზადებს ახალ სტრატეგიულ დოკუმენტს – ევროკავშირისკენ საგზაო რუკას, რომელიც მიზნად ისახავს კანონმდებლობის შემოწმებასა და კანონმდებლობის ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის გზაზე დაბრკოლებების აღმოფხვრას. ეს უფრო მეტია, ვიდრე ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

კლერ მუდიმ ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება საქართველოზე სერიოზულ ინსტიტუციურ გავლენას ახდენს.

„საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ, შემიძლია, დავადასტურო ევროპული ინტეგრაციის პროცესში მთავრობასა და პარლამენტს შორის კარგი კოორდინაცია. ეს კოორდინაცია კიდევ უფრო უმჯობესდება. პარლამენტის საკანონმდებლო გეგმა სრულ შესაბამისობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების გეგმასთან. სამოქალაქო საზოგადოება არსებითად ჩართულია ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე კონსულტაციებში. შემიძლია, აღვნიშნო ასოცირების შეთანხმების ზოგი დადებითი გვერდითი ეფექტები – ევროკავშირის ჩინოსნებთან პოლიტიკური სოციალიზაციის ეფექტი, საზოგადოების მხრიდან სახელისუფლებო სტრუქტურებისადმი  გაზრდილი ნდობა, პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული გამოწვევები – ადმინისტრაციული შესაძლებლობების ნაკლებობა, უცხოელი ინვესტორების მიზიდვის პრობლემა, სტანდარტების მიღების პროცესის ხანგრძლივობა და შეთანხმების განხორციელებისთვის უფრო მეტი კვალიფიციური კადრების ჩართვის საჭიროება“, – განცხადა კლერ მუდიმ.