მიწვეულმა ექსპერტმა ნონა მიხელიძემ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის ალტერნატიული ვარიანტი წარადგინა
მიწვეულმა ექსპერტმა ნონა მიხელიძემ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის ალტერნატიული ვარიანტი წარადგინა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინეს.

ოფიციალური ანგარიშის მოსმენის პარალელურად, ალტერნატიული მოხსენება წარადგინა მიწვეულმა ექსპერტმა, ნონა მიხელიძემ, რომელიც ძირითადი მოხსენებისგან განსხვავებით, მწვავედ კრიტიკული იყო.

მიხელიძის მიერ წარდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო სისტემური პრობლემების წინაშე დგას, როდესაც საქმე ასოცირების შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის შესრულებას ეხება.

„ქვეყანა დგას სისტემური გამოწვევების წინაშე, როდესაც საქმე ეხება ასოცირების შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის შესრულებას და არის გარკვეულ წარმატება, როდესაც საუბარია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესრულებაზე“, – აღნიშნა ნონა მიხელიძემ.

მისი განცხადებით, არაფორმალური მმართველობა საქართველოში დემოკრატიისთვის მთავარ გამოწვევად რჩება. მისივე თქმით, ქვეყანაში მმართველი ინსტიტუტები ერთი პირის – ბიძინა ივანიშვილის ხელშია.

„2012 წელს ხელისუფლების დემოკრატიული გადაბარება განხილული იყო, როგორც საქართველოს დემოკრატიის წარმატება, თუმცა მმართველი პარტიის მმართველობის წლები ადასტურებს, რომ დემოკრატიული არჩევნები ყოველთვის არ ნიშნავს დემოკრატიისკენ წარმატებულ გადასვლას. ინსტიტუტები კვლავ სუსტია. საქართველომ ვერასდროს შეძლო ერთპარტიული მმართველობის დაძლევა. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა ნაციონალურ და რეგიონულ, ადგილობრივ დონეზე. აღმასრულებელი ხელისუფლება დომინირებს პარლამენტზე. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა კი ეჭვქვეშ არის დაყენებული. ოპოზიციის სისუსტე კიდევ უფრო აძლიერებს მმართველ პარტიას და უბიძგებს მოსახლეობას, ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“ ან თავი შეიკავოს არჩევნებში მონაწილეობისგან. კონსტიტუციით შეზღუდულია პრეზიდენტის უფლებამოსილებაც. პრეზიდენტის ნებისმიერი მცდელობა, ვეტოს საშუალებით აიძულოს მმართველ პარტიას საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, ყოველთვის დაძლეულია“, – აღნიშნა მიხელიძემ.

ექსპერტი სასამართლო სისტემას საქართველოს „აქილევსის ქუსლს“ უწოდებს. მისი თქმით, ქვეყანაში არ არის უზრუნველყოფილი მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. სისტემის ყველაზე სუსტ ნაწილად კი ის პროკურატურას მიიჩნევს. მიხელიძე აცხადებს, რომ წინა მთავრობის მსგავსად, მოქმედმა მთავრობამ ვერ განახორციელა ქვეყნის დეცენტრალიზება, რაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

კიდევ ერთ პრობლემად მიხელიძე საქართველოში ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების დევნას ასახელებს. ადამიანის უფლებებზე საუბრისას კი მან აფგან მუხთარლისა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეები დაასახელა.

ნონა მიხელიძემ მედიაზეც ისაუბრა.

„წლების განმავლობაში მთავრობის მიდგომა მასმედიის მიმართ ასევე რჩება საგანგაშო. მაშინ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს მედიაზე ძალადობრივი თავდასხმები ხორციელდებოდა პოლიციისა და ძალოვანი უწყებების მიერ, ახალი მთავრობა სხვა მეთოდებს მიმართავს მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკის გასაკონტროლებლად. ეს შეიძლება, იყოს ტელეარხების მფლობელთა დევნა, შანტაჟი, რომლებიც სხვა ბიზნესსაც ფლობენ, მაგალითად „TV პირველის“ საქმე. ასევე, სასამართლოს გამოყენება, როგორც ეს „რუსთავი 2“-ის შემთხვევაშია, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლი, ასევე ტელეარხების გაერთიანება ერთი პროსახელისუფლო არხის შესაქმნელად“, – განაცხადა მიხელიძემ.

საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალური ანგარიში, რომელზე მომხსენებელიც ევროპარლამენტარი ანდრეს მამიკინსია, ბრიტანელმა ევროპარლამენტარმა, კლერ მუდიმ წარადგინა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება ევროკავშირის ყველაზე კომპლექსური საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს.

წარდგენილ დოკუმენტში საქართველოს პროგრესია აღნიშნული.

ევროპარლამენტში აღნიშნეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საქართველო კვლავ ლიდერად რჩება და ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში აჩვენებს, რამდენად შორს წავიდნენ ქართველები ევროინტეგრაციის გზაზე.