თამარ ჩუგოშვილი - დღეს დამატებით დავრწმუნდი მხოლოდ იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია
თამარ ჩუგოშვილი - დღეს დამატებით დავრწმუნდი მხოლოდ იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია

დღეს დამატებით დავრწმუნდი მხოლოდ იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობდა.

როგორც ჩუგოშვილმა განაცხადა, „ყველაფერი, რაც გვესმის, არის უმრავლესობის აღქმები, როგორ აღიქვამენ ისინი სხვადასხვა ჩანაწერს და სურვილი, რომ პრეზიდენტმა ვერ შეძლოს თავისი უფლებამოსილებების განხორციელება ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს“.

„ჩვენ რასაც ვისმენთ, ჩემთვის ეს არის მიმართული მხოლოდ იქითკენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უბრალოდ იზოლირებული იყოს ნებისმიერი ფორმით ქვეყნის წარმომადგენლობისგან და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ვეღარ გააკეთოს ის, რასაც ის აკეთებს ყველაზე უკეთ – ამ ქვეყნის წარმომადგენლობა, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის კონტექსტში, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დროს. ამიტომ მარტო მიმყარდება განცდა, ისედაც ვიცოდი, მაგრამ ამაში ვრწმუნდები მხოლოდ და მხოლოდ. მარწმუნებს ეს პროცესიც, მარწმუნებს ისიც, რომ დამატებითი ფაქტობრივი არგუმენტი არ მომისმენია. იმდენად არ არის საქმეში ფაქტობრივი გარემოებები, იმედი მქონდა, რომ მოიტანდნენ მაინც რამეს, მაგრამ არ მოუტანიათ. დილით არ გავაკეთე კომენტარი, მაინტერესებდა, რა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები იქნებოდა მოტანილი. არაფერი, აბსოლუტურად ნული. ეს ყველაფერი, რაც გვესმის, არის უმრავლესობის აღქმები, როგორ აღიქვამენ ისინი სხვადასხვა ჩანაწერს და სურვილი, რომ პრეზიდენტმა ვერ შეძლოს თავისი უფლებამოსილებების განხორციელება ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა ჩუგოშვილს კითხვა დაუსვეს: „წინასწარ გრძნობთ თუ არა განწყობას მოსამართლეების მხრიდან კითხვების დასმაში? ითქვა, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ეხმარებოდა“, რაზეც ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ „ამის შესახებ პრეზიდენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმაც გააკეთა აქცენტი“.

„ნახავთ თქვენ, რომ კონკრეტულ შემთხვევებში არაერთხელ მიუთითა მაია კოპალეიშვილმა და ჩვენ დაგვრჩა ასეთი განცდა. ამასთან, პროცესი აუცილებელია, რომ წარიმართოს იმ პირობებში, როცა სასამართლო თანასწორად ექცევა ორივე სუბიექტს. სხვანაირად, აუცილებლად გაჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი არ არის სამართლიანი პროცესით უზრუნველყოფილი. ხვალ გაგრძელდება ეს პროცესი. ჩვენ დამატებით კიდევ ბევრი საკითხის დეტალურად გავლა მოგვიწევს. ალბათ, განსაკუთრებით, მტკიცებულებების ნაწილში, რომელიც მათი მხრიდან სრულებით არ არსებობს. მხოლოდ მათი მოსაზრებები არსებობს და მეტი არაფერი. საინტერესო იქნება, სასამართლო რას გაითვალისწინებს და რას – არა, ვნახავთ. წინასწარ ვერ ვიტყვი, მაინც ჯობია, რომ ამ ეტაპზე თავი შევიკავო“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მოსმენა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა დღეს, 12:00 საათზე დაიწყო.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.