თამარ ჩუგოშვილი - გვაქვს ინფორმაცია, რომ მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი საჯარო კომენტარები ფიზიკური დაპირისპირებების გამოწვევას ემსახურება
ჩვენი განცხადების მიზანია, თავიდან ავიცილოთ მსგავსი დაპირისპირებები, რაც ოზურგეთში ან სხვა ადგილებში მოხდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომელიც ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს და ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, არის განცდა, რომ შესაძლოა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის მსგავსი სახის დაპირისპირებების გამოწვევის სურვილი არსებობდეს.
„სამართლებრივი რეაგირება ყველგან კანონის შესაბამისი იქნება და პირველ რიგში, ბუნებრივია, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ასეთ ფიზიკურ დაპირისპირებაში არ შევიდნენ. მეორე მხრივ, ვაპირებთ, რომ შემთხვევები, სადაც არის სამართლებრივი რეაგირების საფუძველი, მივაწოდოთ შესაბამისად საგამოძიებო ორგანოებს. ასევე, ყველა ამ ფაქტის შესახებ შევატყობინოთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რადგან გვაქვს ასეთი განცდა, რომ ის საჯარო სივრცეში გაკეთებული მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი კომენტარები ემსახურება სწორედ ფიზიკური დაპირისპირებების გამოწვევას, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე. ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია გვაქვს“ – აღნიშნავს ჩუგოშვილი.
დეპუტატის თქმით, მმართველი პარტიისთვის უკვე ცნობილი ფაქტები, რომლის შესახებაც ინფორმაციის მიწოდებაც შესაბამისი უწყებებისთვის და უცხოელი პარტნიორებისთვის იგეგმება, დამუშავებას საჭიროებს.
„ზოგიერთი განცხადება არის გაკეთებული „ფეისბუქის“ პოსტების მეშვეობით და ესენი საჯაროა. ზოგიერთი გაკეთებულია საჯარო სივრცეში და უბრალოდ, სხვა პირების თანდასწრებით. ამიტომ დამუშავება სჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ ის განცხადებები, რომლებიც მუქარის შემცველია, ამას პირდაპირ კანონმდებლობა არეგულირებს, კრძალავს და შესაბამისად, მუქარის შემცველი ფაქტების შესახებ სამართლებრივი რეაგირება არის კანონით გათვალისწინებული“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი გუშინ მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ცემის ფაქტზე ბრალი „ქართული ოცნების“ დეპუტატს წარედგინა.
პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გუშინ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარი ინციდენტი „ნაციონალური მოძრობის“ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად შეაფასა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.