ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ბესო ქათამაძეს თავის არეში დაზიანება აქვს მიყენებული.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბესო ქათამაძე „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრებთან ერთად ოთახში იმყოფებოდა, საიდანაც ნაცემი გამოვიდა.

თავად დაზარალებული ამბობს, რომ ფრაქციის წევრებმა მას ანგარიში „ფეისბუქში“ აქტიურობისა და კრიტიკული პოსტების გამოქვეყნების გამო გაუსწორეს და თავში რკინის ნაჭერი ჩაარტყეს.

მომხდარ ფაქტს „ქართული ოცნების“ წევრი, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, გმობს ყველანაირ ძალადობას. ის აცხადებს, რომ სამართალდამცავების მიერ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჭეშმარიტება დადგინდება.

ქათამაძე ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში იმყოფება.

„პაციენტს თხემის არეში 3 მცირე ზომის ჭრილობა აღენიშნება, რაც სავარაუდოდ ბლაგვი საგნითაა მიყენებული. მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია“, – აცხადება „მედალფას“ დირექტორი დავით მდინარაძე.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.