„ქართული ოცნება“ - ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ქმედებების ნაწილად ვაფასებთ
„ქართული ოცნება“ - ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ქმედებების ნაწილად ვაფასებთ

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გუშინ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრობის“ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად აფასებს. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

პარტიაში აცხადებენ, რომ ემიჯნებიან ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და პროვოკაციების მიუხედავად, დაუშვებლად მიაჩნიათ ფიზიკური დაპირისპირება.

ამასთან, პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებობს საჯარო სივრცეში მიზანმიმართული მუქარისა და შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი, რომელიც აუცილებლად გადაეცემა სამართალდამცავ უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ვითარების ესკალაციას ისახავს მიზნად. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრობა“ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ერთადერთ გზად დესტრუქციულ მეთოდებს ირჩევს. სწორედ ასეთი ქმედებების ნაწილად ვაფასებთ გუშინ, ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს. თუმცა, აქვე ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და პროვოკაციების მიუხედავად, დაუშვებლად მიგვაჩნია ფიზიკური დაპირისპირება.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს ვითარების ესკალაციას. ყველა მსგავს ინციდენტზე შესაბამისი სამსახურები მოახდენენ ადეკვატურ რეაგირებას.

მივმართავთ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებს, მხარდამჭერებს – ჩვენ მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაკისრია და ჩვენი ხელწერა ყოველთვის იყო და იქნება მხოლოდ კანონისმიერი პასუხი ყველა პროვოკაციაზე. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ არანაირ პროვოკაციას. ნურავის მივცემთ საშუალებას, ხელოვნურად მოახერხონ სიტუაციის ესკალაცია.

აქვე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ არსებობს საჯარო სივრცეში მიზანმიმართული მუქარისა და შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი, რომელიც აუცილებლად გადაეცემა სამართალდამცავ უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ყველა ის ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, სათანადოდ აგებს პასუხს, მიუხედავად მისი პოლიტიკური, თუ თანამდებობრივი პოზიციისა“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი გუშინ მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ცემის ფაქტზე „ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი წარედგინა.