ოზურგეთის საკრებულოს სხდომას სოფო ჯაფარიძე ესწრებოდა, რომელსაც უმრავლესობის წევრებმა პროექტი „ღიმილიანი საქართველო“ შეახსენეს
ოზურგეთის საკრებულოს სხდომას სოფო ჯაფარიძე ესწრებოდა, რომელსაც უმრავლესობის წევრებმა პროექტი „ღიმილიანი საქართველო“ შეახსენეს

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით მჟავანაძემ განაცხადა, რომ სოფელ ლიხაურში მდებარე ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმიდან ერთ-ერთი თანაშრომელი უკანონოდ იქნა გათავისუფლებული. აღნიშნულ ბრალდებას არ დაეთანხმენ მმართველი გუნდის წევრები, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„მობრძანდა ბატონი დავითი და უნდოდა ბრიფინგის ჩატარება. თავისუფალი იყო დარბაზი მანამდე, შეეძლო ჩაეტარებინა, კიდევ ერთხელ მოაწყო მასკარადი. მთელმა საქართველომ იცის მათი პარტიის მოსაზრება, შეხედულებები ზოგადად ქვეყანაზე. როგორი ფეიკპარტიაც ხართ, ისეთი ფეიკნიუსები გაქვთ“, – განაცხადა ოზურგეთის მერის მოადგილემ, გიორგი ბურჭულეიშვილმა.

სხდომას ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, რომელსაც უმრავლესობის წევრებმა პროექტი „ღიმილიანი საქართველო“ შეახსენეს.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თათია ნიკოლაშვილმა ხელისუფლება მოსახლეობის მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულა.

„ნახევარი ოზურგეთი მეწყერსაშიშ ზონაშია და ადამიანები მიტოვებულები არიან ისე, რომ კონკრეტულ დასკვნებსაც არ აძლევთ. მაგალითად, ნატანებში სახლი წაიღო მთლიანად, გვერდით ოჯახი არის საფრთხეში და ამ ადამიანებს დასკვნაც არ მიეცით. ასევე, ნატანებში ორივე სკოლა არის დანგრეული და ვიდრე ჭერი არ ჩამოექცათ ადამიანებს თავზე, იქამდე რეაგირება არ გქონდათ. ნატანების ბაღი გამოკეტილია. მოსახლეობის ნახევარი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია და ამ დროს თქვენი ეკომანიაკი ოლიგარქი ხეებს დაატარებს და ყველანაირ რესურს იყენებს, მათ შორის სახელმწიფო რესურს, ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, რომ გზა გაუკაფონ“, – განაცხდა თათია ნიკოლაშვილმა.

საკრებულოს წევრებმა ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, ოპოზიციამ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.