თამარ ალანია - მუხროვანის ამბოხის საქმეში მსჯავრდებული პირების ნაწილი იყვნენ გმირები, მაგრამ მეორეა ქმედებები, რომლებიც მტკიცებულებათა ფონზე არსებობდა
თამარ ალანია - მუხროვანის ამბოხის საქმეში მსჯავრდებული პირების ნაწილი იყვნენ გმირები, მაგრამ მეორეა ქმედებები, რომლებიც მტკიცებულებათა ფონზე არსებობდა

მუხროვანის ამბოხის საქმე უკავშირდებოდა ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხს, ერთ მხარეს იყვნენ მსჯავრდებული პირები, რომელთა ნაწილიც იყვნენ გმირები, მაგრამ მეორეა ის ქმედებები, რომელიც მათ მხრიდან იმ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფონზე არსებობდა, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატმა, თამარ ალანიამ უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის კითხვას.

დეპუტატი დაინტერესდა, მოსამართლეს დღეს რომ ჰქონდეს განსახილველი მუხროვანის ამბოხის საქმე იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა თუ არა, რაც წლების წინ მიიღო.

როგორც თამარ ალანიამ აღნიშნა, გადაწყვეტილება მიიღო იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც მის წინაშე იდო.

„აღნიშნული საკითხი უკავშირდებოდა ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხს. ერთ მხარეს იყვნენ მსჯავრდებული პირები, რომელთა ნაწილიც იყვნენ გმირები, ისინი ჩემს თვალში ნამდვილად არიან გმირები და მე მათ სხდომაზეც განვუცხადე ეს, მაგრამ მეორეა ის ქმედებები, რომელიც მათ მხრიდან იმ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფონზე არსებობდა. გადაწყვეტილება მიღებული იქნა მხოლოდ და მხოლოდ ჩემს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. სასჯელი დღესაც ამ ქმედებისთვის არის ისეთივე, როგორც იყო მაშინ. დღესაც და ნებისმიერ ქვეყანაში, ყველა იმ მოსამართლის, რომლის წინაშეც შეიძლება წარდგეს მსგავსი საქმე, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ იგივე გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი. ზოგიერთი პირი გამართლდა, ზოგიერთს სასჯელი განესაზღვრა. რაც შეეხება შემდგომ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამნისტიის კანონი გაქვთ მხედველობაში და პოლიტპატიმრების სია, ამაზე საზოგადოებაში შეიძლება იყო აზრთა სხვადასხვაობაც კი. მაგრამ ასე ვთქვათ, რას ნიშნავს პოლიტიკური პატიმარი? ვინ განმარტავს პოლიტიკურ პატიმარს“, – განაცხადა ალანიამ.

მისივე თქმით, პოლიტიკური პატიმრის განმარტება თეორიაში არსად არის, არსებობს მხოლოდ ევროპის საბჭოს 2012 წლის რეზოლუცია, სადაც საუბარია – შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ არის პოლიტიკური პატიმარი და ამაზე განხილვა ხდება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოში, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების გზით და ამ გზით ხდება მისი გამართლება. მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში მხარეს ეკისრება.

„ჩვენ რეალობაში არსებობს პარლამენტის პოლიტიკური აქტი, რომელიც მან მიიღო, ეს აქტი რეალურია, დღეს არსებობს. აი, აქ ზის ბატონი ლევან გოგიჩაიშვილი, პოლიტიკური პატიმარი ბრძანდებოდა, ის სწორედ ამ პოლიტიკური აქტით გათავისუფლდა. მაგრამ მე არ მახსოვს, რომ მას მიემართოს რომელიმე იმ პროკურორისათვის, რომელიც ისევე მისი ხმით დაინიშნა ხელისუფლების პირობებში და მოეთხოვოს გამართლება, სასამართლოში მიემართოს და ეთხოვოს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს მიმართ იყო გამოტანილი, გთხოვთ, იმსჯელოთ თავიდან და მიიღოთ გამამართლებელი განაჩენი. პოლიტპატიმართა ნაწილმა მიმართა სასამართლოს და გარკვეულ შემთხვევებში დადგინდა გამამართლებელი განაჩენი, ამიტომ სამართლებრივ ჭრილში ამას აქვს თავის დატვირთა. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ მოქმედი მოსამართლე, მესმის სამართლებრივი რეგულაციები და ნაკლებად ვერკვევი პოლიტიკურ ასპექტებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს მიერ იქნება მიღებული ან დღეს ვიღებ, ან ხვალ მივიღებ, არის წმინდად სამოსამართლეო საქმიანობასთან დაკავშირებული იმ კანონებზე დაყრდნობით, რომელსაც თქვენ იღებთ, როგორც ხალხის ხმა და იმ ხალხის ხმას, რომელსაც კანონებში გამოხატავთ, ვახორციელებ მე“, – განაცხადა ალანიამ.