დავით მათიკაშვილი - ოპოზიციას ექნება მცდელობა, საზოგადოებას ტყუილი შეასაღოს, თუმცა „ქართული ოცნების“ კანონპროექტი მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება და მის წინააღმდეგ არგუმენტი არ არსებობს
დავით მათიკაშვილი - ოპოზიციას ექნება მცდელობა, საზოგადოებას ტყუილი შეასაღოს, თუმცა „ქართული ოცნების“ კანონპროექტი მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება და მის წინააღმდეგ არგუმენტი არ არსებობს

რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობა, საზოგადოებას ტყუილი შეასაღოს, თუმცა „ქართული ოცნების“ კანონპროექტი მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება და მის წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში ხარჯავენ ფულს არასამთავრობო ორგანიზაციები.

„გამჭვირვალეობაში, დეკლარაციის შევსებაში და საზოგადოების ინფორმირებაში, ვინ რა თანხას ხარჯავს, არაფერი არ არის არც რუსული, არც ანტისახელმწიფოებრივი. გამჭვირვალეობა არის მნიშვნელოვანი სეგმენტი. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მაგალითად, ენჯეოსექტორის დიდი ნაწილი სად ხარჯავს ფულს. ენჯეოსექტორი, ისიც მისი კონკრეტული ნაწილი, რომელიც პოლიტიკასთან არის აფილირებული, გახლავთ ერთადერთი თეთრი ლაქა, რომლის მიერ გაღებულ ხარჯებზე საზოგადოებას არანაირი წარმოდგენა არ აქვს. ერთი წლის წინ შეეცადნენ და ნაწილობრივ დააჯერეს საზოგადოებას ტყუილი, მათი მღელვარება გამოიწვიეს.

ვუტრირებ, მაგრამ ისინი როდესაც ამბობდნენ, რომ ამერიკული კანონი არის რუსული კანონი, ამით თქვეს, რომ ტელევიზორი არის მაცივარი. კანონპროექტში ცალსახად, შავით თეთრზე წერია, რომ ენჯეოსექტორი, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტი არის უცხოური, ვალდებულია, მომდევნო წლის იანვრისთვის შეავსოს დეკლარაცია და ეს გაასაჯაროოს. ამ კანონში მეტი არაფერი წერია. ეს არ ეხება სტუდენტებს, ფიზიკურ პირებს. რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობა, საზოგადოებას ტყუილი შეასაღოს, მაგრამ საზოგადოება არის ბრძენი, მან გამოცდილება მიიღო ამ ერთი წლის განმავლობაში. იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ გავიწვიეთ კანონპროექტი, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მათმა დონორებმა არ შეასრულეს პირობა, რომ გაასაჯაროებდნენ და უფრო გამჭვირვალეს გახდიდნენ ხარჯებს. ამიტომ დღეს კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება და მის წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი არ არსებობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვლება და წარდგენილი იქნება შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.