დავით მათიკაშვილი - სიმართლეა, რომ ქვეყანაში ენჯეოსექტორის საქმიანობა სრულიად გაუმჭვირვალეა, ტყუილია, რომ მათი საქმიანობა ისედაც გამჭვირვალეა
დავით მათიკაშვილი - სიმართლეა, რომ ქვეყანაში ენჯეოსექტორის საქმიანობა სრულიად გაუმჭვირვალეა, ტყუილია, რომ მათი საქმიანობა ისედაც გამჭვირვალეა

სიმართლეა, რომ ქვეყანაში ენჯეოსექტორის საქმიანობა სრულიად გაუმჭვირვალეა, ტყუილია, რომ მათი საქმიანობა ისედაც გამჭვირვალეა, რადგან ისინი დეკლარაციებს აბარებენ. თუ ენჯეოსექტორი დღგ-ის მოხსნას არ ითხოვს, მათ დეკლარაციებში მითითებულია მხოლოდ თანხები და მეტი არაფერი – არც თანხების წარმომავლობა და არაც ადრესატი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს არცერთი არგუმენტი, რომ კანონს რუსული დაარქვან.

„ვინაიდან საგადასახადოში წარდგენილი ინფორმაცია საიდუმლოა, ეს თანხები საზოგადოებისთვის უცნობია. მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ საკუთარი საქმიანობა ბურუსით მოიცვან. მაშინ როცა საქართველოა ბიუჯეტი სრულიად გამჭვირვალეა, ისევე როგორც პოლიტიკოსებისა და პარტიების, რადგან დეკლარაციების ვალდებულება არსებობს, ამ პირობებში ენჯეოსექტორის საქმიანობა გამჭვირვალე არ არის. მათი საქმიანობა მთლიანად დაფარულია ბურუსით. ტყუილია, რომ კანონპროექტი ყველას ეხება. ეხება მხოლოდ იმ ენჯეოსექტორსა და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსებაც 20 პროცენტით და მეტი უცხოეთიდან არის. ცვლილებები არ ეხება ფიზიკურ პირებს, სტუდენტებს, ფერმერებს, ემიგრანტებს, შშმ პირებს, ინდმეწარმეს, კომერციულ ორგანიზაციებს“, – განაცხადა დეპუტატმა.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, გარკვეულმა პირებმა გასულ წელს საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს.

„ერთსა და იმავე წყალში ვერ შევა ვერც ოპოზიცია და ვერც ენჯეოსექტორი, ვერც მათი მხარდამჭერები ქვეყნის თუ მის გარეთ, რომ ტყუილის პროპაგანდირება კიდევ ერთხელ შეძლონ. ტყუილია, რომ ეს კანონი რუსულია. არ არსებობს არცერთი არგუმენტი, არც მცირე და არც დიდზომიანი, რომ კანონს რუსული დაარქვან. ერთი წლის წინ საზოგადოება დეზინფორმაციის საფუძველზე მოატყუეს, როცა დააჯერეს, რომ კანონი, რომელიც ევროპულ ქვეყნებში, ამერიკასა და უკრაინაში მოქმედებს, რაიმე სახით რუსული იყო. ეს არის ქართული კანონი ევროპულ მაგალითზე შექმნილი, რომლის მიზანია, საქართველოში მოქმედმა ენჯეოსექტორმა გამოაააშკარაოს დამალული დაფინანსების წყაროები, რაც აქამდე მიჩქმალული იყო“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტშიუკვე დაინიცირდა. ცვლილებები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.