დავით მათიკაშვილი - იმედი გვაქვს, გამჭვირვალე დღის წესრიგი გვექნება ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, ამ პროცესს ხელს შეუწყობს ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი
დავით მათიკაშვილი - იმედი გვაქვს, გამჭვირვალე დღის წესრიგი გვექნება ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, ამ პროცესს ხელს შეუწყობს ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი

იმედი გვაქვს, გამჭვირვალე დღის წესრიგი გვექნება ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, საქართველოში იენს სტოლტენბერგის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა.

„ნატო და საქართველო დიდი ხნის პარტნიორები არიან. წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ ნატო-სთან, საქართველოს შეიარაღებული ძალები თითქმის ყველა ოპერაციაში მონაწილეობენ, რომელიც ანტიტერორისტული კუთხით ნატო-ს მიერაა განხორციელებული. ქართველმა გმირმა ჯარისკაცებმა თავიანთი სიცოცხლე შესწირეს ამ მისიებში საქართველოს მონაწილეობას და ამ მისიის წარმატებას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციები დროულად დაკმაყოფილდება და გვექნება გამჭვირვალე დღის წესრიგი ნატო-სთან, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, როგორც ეს გვაქვს ევროკავშირთან. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ხელი შეეწყობა ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტიდან გამომდინარე. იმედით ვუყურებთ ჩვენს მომავალ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ საბჭოში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველო დღეს დატოვა და სომხეთში გაემგზავრა.