დავით მათიკაშვილი - კეთილსინდისიერების მხრივ საქართველოს სასამართლოს მაღალი პოზიცია აქვს, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ, პოლიტიკური მიუკერძოებლობის კუთხით, აშშ-იც კი ჩამოგვრჩება
დავით მათიკაშვილი - კეთილსინდისიერების მხრივ საქართველოს სასამართლოს მაღალი პოზიცია აქვს, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ, პოლიტიკური მიუკერძოებლობის კუთხით, აშშ-იც კი ჩამოგვრჩება

მოსამართლეების სანქცირება, რომელიც იყო სრულიად უსამართლო და დეზინფორმაციაზე დამყარებული, უნდა გაუქმდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, პარტნიორებისგან ელოდებიან სამართლიან მიდგომებს, რადგან სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება არსებობდეს პარტნიორობა.

„კეთილსინდისიერების მხრივ საქართველოს სასამართლოს ძალიან მაღალი პოზიცია აქვს და ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ, პოლიტიკური მიუკერძოებლობის კუთხით, შეერთებული შტატებიც კი ჩამორჩება საქართველოს სასამართლო სისტემას. ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ასევე „რუსთავი 2“-ის საქმეებზე იყო ზღვა ბულინგი, ტალახის სროლა კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრების მიმართ აბსოლუტურად უწესო მოქცევა. როდესაც დგება აბსოლუტურად სხვა შედეგი, თურმე არსად არაფერი პრობლემა არ არის, სამართლიანად მოხდა მათი საქმეების განხილვა, არავინ, არც ჩვენი პარტნიორებიდან და არც რადიკალური ოპოზიციიდან, არ გამოდის, სიტყვას არ ამბობს, ბოდიშს არ იხდის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის განმარტებით, რადიკალური ოპოზიციისა და მათი პატრონების მხრიდან სწორედ იმ მოცემულობაზე ხდება დარტყმა, სადაც საქართველო მაქსიმალურ წარმატებას აღწევს.

„საქართველოში არის ერთადერთი „კლანი“, ეს არის „ენჯეოების“ გაერთიანება, რომელთაც აქვთ მიზანი, ქვეყნის წინსვლას, პროგრესულ განვითარებას რაიმე სახით ხელი შეუშალონ. ამ „ენჯეოების“ „კლანს“ ეხმარებიან კონკრეტული მოსამართლეები, რომლებიც თურმე ევროპული ქვეყნების დედაქალაქებშიც უტარებიათ მადლობის ნიშნად“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.