სტამბოლში საუდის არაბეთის კონსულის რეზიდენციაში თურქი გამომძიებლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ
თურქი გამომძიებლები სტამბოლში, საუდის არაბეთის კონსულის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. ინფორმაციას Reuters – ი ავრცელებს.
საუდის არაბეთის კონსულმა, მუჰამედ ალ უტეიბიმ თურქეთი გუშინ დატოვა. გუშინვე თურქმა გამომძიებლებმა ჩხრეკა საკონსულოს შენობაში ჩაატარეს, სადაც მედიის ინფორმაციით, გამომძიებლებმა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის მტკიცებულებები იპოვეს.
ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. ის სტამბოლში, წარმოშობით თურქ საცოლესთან ერთად იმყოფებოდა. საუდის არაბეთის საკონსულოში კი, პირველ მეუღლესთან განქორწინების დოკუმენტების გასაფორმებლად იყო დაბარებული. ჯამალ ხაშოგის საცოლემ დახმარებისთვის თურქ სამართალდამცველებს მას შემდეგ მიმართა, რაც საკონსულოს შესასვლელთან ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ, მასთან ერთ-ერთი თანამშრომელი გამოვიდა და აცნობა, რომ მისმა საქმრომ შენობა უკვე დატოვა.