„ნიუ იორკ თაიმსი“ - ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში მონაწილე პირებმა მომზადება აშშ-ში გაიარეს
„ნიუ იორკ თაიმსი“ - ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში მონაწილე პირებმა მომზადება აშშ-ში გაიარეს

ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში მონაწილე პირებმა მომზადება აშშ-ში გაიარეს, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, საუდის არაბეთის ოთხი მოქალაქე, რომლებიც 2018 წელს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში მონაწილეობდნენ, მანამდე სპეცმომზადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული კონტრაქტით, აშშ-ში გადიოდნენ.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, საუდის არაბეთის მოქალაქეები არკანზასის შტატში რეგისტრირებულ კერძო დაცვის სააგენტო „ტიერ 1 გრუფის“ მოსამზადებელ კურსში მონაწილეობდნენ. აღნიშნული სააგენტოს საინვესტიციო კომპანია „სერბერუს კეპიტალ მენეჯმენტი“ ფლობს. როგორც სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, საუდის არაბეთის მოქალაქეებისგან შემდგარი სპეციალური დანიშნულების რაზმის მომზადება „თავდაცვით ხასიათს“ ატარებდა და „საუდის არაბეთის ლიდერების უფრო ეფექტურად დაცვის მიზანს ემსახურებოდა“. მათივე თქმით, საუდის არაბეთის მოქალაქეებმა გაიარეს საცეცხლე მომზადება, ასევე წვრთნა თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და თვალთვალში.

ტიერ 1 გრუფმა“ საუდის არაბეთის მოქალაქეების მომზადება 2014 წელს დაიწყო, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო და მათი წვრთნა 2017 წლამდე გაგრძელდა.

ამასთან, როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, მათ არ აქვთ მტკიცებულება, რომ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ან კერძო დაცვის სააგენტომ იცოდნენ – წვრთნებში მონაწილე პირები საუდის არაბეთში რეპრესიებში იყვნენ ჩართულნი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული თანხმობა, რომ საუდის არაბეთის მოქალაქეებმა წვრთნებში მიიღონ მონაწილეობა, მიუთითებს ვაშინგტონისა და საუდის არაბეთის ხელისუფლების მჭიდრო კავშირებზე და ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად სახიფათოა რეპრესიებში ჩართულ მთავრობებთან სამხედრო პარტნიორობა. ჟურნალისტების ცნობით, ასევე სახეზეა ისიც, რომ მსგავსი პარტნიორების კონტროლი არაეფექტურია.

კომპანია „სერბერუს კაპიტალ მენეჯმენტში“ განაცხადეს, რომ საუდის არაბეთის მოქალაქეები არ არიან პირდაპირ დაკავშირებულნი ჟურნალისტ ხაშოგის მკვლელობასთან. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ყველა წვრთნაში მონაწილე ყველა უცხოელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამოწმებს.

შეგახსენებთ, რომ ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებდა. ის 2017 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და „ვაშინგტონ პოსტში“ მუშაობდა. ჟურნალისტი 2018 წლის ოქტომბერში სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალური საკონსულოს შენობაში მოკლეს. ერ რიადში განაცხადეს, რომ ხაშოგი კონფლიქტის შედეგად გარდაიცვალა. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მაშინ ამტკიცებდა, რომ ხაშოგი საუდის არაბეთის ხელისუფლების ბრძანებით მოკლეს.

მოგვიანებით, საუდის არაბეთის პრინცმა, მუჰამედ ბენ სალმანმა აიღო პასუხისმგებლობა ხაშოგის მკვლელობაზე, თუმცა განაცხადა, რომ მაღალჩინოსნები მისი თანხმობის გარეშე მოქმედებდნენ. საუდის არაბეთში ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე 16 ადამიანი დააკავეს. მათგან ხუთს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, ხოლო 11-ს პატიმრობა.

ვაშინგტონმა მომხდართან დაკავშირებით საუდის არაბეთის 76 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. თებერვალში კი აშშ-ის დაზვერვამ წარმოადგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ჯამალ ხაშოგის გატაცება და მკვლელობა უშუალოდ პრინცმა დაგეგმა. ერ-რიადში ამ ინფორმაციას უარყოფენ.