Middle East Eye - აუდიოჩანაწერით ირკვევა, რომ გარდაცვალებამდე ჯამალ ხაშოგის აწამებდნენ
Middle East Eye - აუდიოჩანაწერით ირკვევა, რომ გარდაცვალებამდე ჯამალ ხაშოგის აწამებდნენ

სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოდან გაუჩინარებული არაბი ჟურნალისტი, ჯამალ ხაშოგი საელჩოში წამებით მოკლეს. ამის შესახებ მოწმობს აუდიოჩანაწერი, რომელიც ე.წ. ჭკვიანი საათის საშუალებით, თავად ჟურნალისტმა საკონსულოში შესვლის შემდეგ, ჩაწერის რეჟიმზე დააყენა. ინფორმაციას ონლაინ პორტალი Middle East Eye თურქეთის ხელისუფლებაში მყოფ იმ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც ეს აუდიოჩანაწერი მოისმინა.

Middle East Eye წერს, რომ ჯამალ ხაშოგი გენერალური კონსულის ოფისიდან ერთ-ერთ ოთახში გაიყვანეს. თავად კონსულს კი, ოთახი დაატოვებინეს. გამოცემის წყაროს ცნობით, ჩანაწერში ისმის საზარელი ყვირილის ხმა, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, როდესაც ხაშოგის ამ დროისთვის დაუდგენელი შემადგენლობის ინექცია გაუკეთეს.

„კონსული ოთახიდან გაიყვანეს. ეს არ იყო დაკითხვის მცდელობა. ისინი მის მოსაკლავად იყვნენ მოსული” – აქვეყნებს გამოცემა თავისი ანონიმი წყაროს ციტატას.

თურქეთის ხელისუფლებამ აუდიოჩანაწერში სალაჰ მუჰამედ ალ-თუბაიგის იდენტიფიცირება შეძლო. ის საუდის არაბეთის უსაფრთხოების სამსახურის მთავარი პათანატომია. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სწორედ ის ხელმძღვანელობდა 15 კაციან ჯალათების ჯგუფს, რომელიც საგანგებო რეისით სტამბოლში ხაშოგის გაუჩინარებამდე, რამდენიმე საათით ადრე დაეშვა და ქვეყანა იმავე დღეს დატოვა. აუდიოჩანაწერით ირკვევა, რომ ალ-თუბაიგიმ ჯგუფის წევრებს ურჩია, მუსიკისთვის ყურსასმენებით მოესმინათ, როდესაც ჯერ კიდევ ცოცხალი ჯამალ ხაშოგის სხეულის დანაწევრებას იწყებდა.

Middle East Eye-ის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ ამ აუდიოჩანაწერის 3- წუთიანი მონაკვეთი, გამოცემა Sabah-ს მიაწოდა, თუმცა მათ ეს მასალა ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებიათ.

აუდიოჩანაწერის შესწავლამდე თურქეთის ხელისუფლებამ ჯამალ ხაშოგის საკონსულოს შენობაში გარდაცვალების მტკიცებულება, ტერიტორიის დათვალიერების დროსაც აღმოაჩინა. ექსპერტებმა საეჭვო გარემოებად მიიჩნიეს გადაღებილი ფრაგმენტები ინტერიერში, ასევე გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ შედიან საკონსულოში ინვენტარით აღჭურვილი უნიფორმიანი დამლაგებლები, ვიდრე შენობის დათვალიერების ნებას თურქ გამომძიებლებს მისცემდნენ.

საუდის არაბეთის ხელისუფლება თურქეთის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებდა. სამშაბათს კი, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერ-რიადმა შესაძლოა, ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიაროს. თუმცა, ტახტის მემკვიდრე, მოჰამედ ბინ სალმანი, ამ საკითხზე საგანგებოდ საუდის არაბეთში ჩასულ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან მკვლელობაზე პასუხისმგებლობას იხსნის და აცხადებს, რომ მისთვის ამ ფაქტის შესახებ ცნობილი არ ყოფილა. შეხვედრის შედეგად, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას უზრუნველყოფს.
ერ-რიადიდან მაიკ პომპეო დღეს ანკარას ეწვია და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს აეროპორტში ჯამალ ხაშოგის საკითხზე 40 წუთი ესაუბრა.

საუდის არაბეთს გამჭვირვალე გამოძიებისკენ ევროკავშირის ლიდერები და საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს.

ჟურნალისტის შესაძლო მკვლელობის გამო, 23-25 ოქტომბერს საუდის არაბეთში დაგეგმილ „უდაბნოს დავოსად” ცნობილ ეკონომიკურ ფორუმში დასწრებასა და მონაწილეობაზე უარს აცხადებენ წამყვანი ამერიკული და ევროპული კომპანიების ხელმძღვანელი პირები და მედიაორგანიზაციები. ერ-რიადში ჩასვლაზე უარი განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, ქრისტინ ლაგარდმაც.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. ის სტამბოლში, წარმოშობით თურქ საცოლესთან ერთად იმყოფებოდა. საკონსულოში კი, პირველ მეუღლესთან განქორწინების დოკუმენტების გასაფორმებლად იყო დაბარებული. ჯამალ ხაშოგის საცოლემ დახმარებისთვის თურქ სამართალდამცველებს მას შემდეგ მიმართა, რაც საკონსულოს შესასვლელთან 5- საათიანი ლოდინის შემდეგ, მასთან ერთ-ერთი თანამშრომელი გამოვიდა და აცნობა, რომ მისმა საქმრომ შენობა უკვე დატოვა.