პანკისის ხეობის სოფელ დუისში, მაჩალიკაშვილების საცხოვრებელ სახლში პარასკევის ტრადიციული ლოცვის შემდეგ ხეობის სხვადახხვა სოფლებიდან ჩამოსული მოსახლეობა შეიკრიბა.
აქცია ხეობის ახალგაზრდების ინიციატივით გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას თხოვნით მიმართეს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს: უდანაშაულოდ აღიარონ თემირლანი, მის ოჯახს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და დაისაჯონ სპეცოპერაციის მონაწილეები და ხელმძღვანელები.
„ჩვენი მხრიდან არ იქნება ულტიმატუმები და დროის განსაზღვრაზე საუბარი, ამ ოთხ თვეში უკვე უნდა გაკეთებულიყო ყველაფერი, რაც საჭიროა. დავაკვირდებით პროცესებს, სასამართლოებიც მიმდინარეობს და იმის მიხედვით გადავწყვეტთ, კიდევ როდის შევიკრიბოთ და რა მოთხოვნები წამოვაყენოთ. დღეს მხოლოდ ეს სამი მოთხოვნა გვაქვს“, – განაცხადა ხეობის მცხოვრებმა მუსა პანკისელმა.
საპროტესტო აქცია, რომელსაც ძირითადად ახალგაზრდები ესწრებოდნენ, ნახევარ საათს გაგრძელდა.
26 დეკემბერს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით რამდენიმე პირის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.