შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა ბათუმში გააპროტესტეს
შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა ბათუმში გააპროტესტეს

„პარლამენტარები მუშებად“, „მშრომელი ადამიანი საფრთხეშია“, – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე სტუდენტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მათ სამძიმარი გამოუცხადეს თბილისში დაღუპული მუშების ოჯახებს და ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა გააპროტესტეს.

„პარლამენტარები, თუ მთავრობის წარმომადგენლები იმდენად კომფორტულ პირობებში ცხოვრობენ, ვერც კი წარმოუდგენიათ, რა პირობებში უწევთ მუშაობა და ოჯახის რჩენა მუშებს, უნდა გამოფხიზლდეს ყველა“, – ამბობს სტუდენტი მარიამ მუთიძე.

საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ანნა მდინარაძე კი ამბობს, რომ შრომის ინსპექცია უნდა გააქტიურდეს.

„შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები ქვეყანაში მინიმალურადაც არ არის დაცული. შემაშფოთებელია სტატისტიკა, რაც ადამიანის სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის მოსპობას უკავშირდება. მთავარი გზავნილი დღევანელი აქციის ის არის, რომ აქტიურად იმოქმედოს ქვეყანაში შრომითმა ინსპექციამ“, – განაცხადა ანნა მდინარაძემ.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე გუშინ მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.