შორეული კოსმოსიდან მომზირალი გიგანტური, შემზარავი სახე — ჰაბლის ფოტო
ადამიანებს სახის დანახვა თითქმის ყველგან შეგვიძლია — იატაკის ლაქებზე, მარსის კლდეებბზე, შტეფსელებსა თუ ონკანის ნიჟარებში. აღქმის ამ გონებამახვილურ ხერხს პარეიდოლიას უწოდებენ და როგორც ჩანს, ის გალაქტიკურ მასშტაბებშიც მოქმედებს.
შეიძლება გაგიკვირდეთ თუ გეტყვით, რომ ზემოთ მოცემული ფოტო სულაც არ ასახავს კოსმოსში მოცურავე გიგანტურ, საზარელ თავს. სინამდვილეში, სურათზე ასახულია ერთმანეთთან შერწყმის პროცესში მყოფი ორი გალაქტიკა. ფოტო ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ჯგუფმა ჰელოუინთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
სისტემას არპ-მადორე 2026-424-ს უწოდებენ. მდებარეობს ჩვენგან 704 სინათლის წლის მანძილზე. ორი გალაქტიკის შერწყმისას წარმოქმნილი მშფოთვარე მოვლენების გამო, აქვს უჩვეულო, თავის ფორმის შესახედაობა.
ობიექტი პირველად 1987 წელს გამოქვეყნდა სამხრეთის უჩვეულო გალაქტიკათა კატალოგში, რომელიც ასტრონომებმა — ჰარტონ არპმა და ბარი მადორემ შექმნეს. ამ ობიექტს მათ რგოლიანი გალაქტიკის კატეგორია მიანიჭეს, რადგან გალაქტიკა მოქცეულია თხელი რგოლის ცენტრში.
რგოლი, რომელსაც ჰაბლის ფოტოზე ხედავთ, შეჯახების შედეგადაა წარმოქმნილი. როდესაც ორი გალაქტიკა ერთმანეთს ერწყმის, წარმოიქმნება გრავიტაციული შოკური ტალღა, რომელიც მატერიას გარე მიმართულებით ისვრის. როცა ეს მატერია ერთმანეთს ეჯახება და იპრისება, იწყება ვარსკვლავთა დაბადების ტალღა.
როგორც ჰაბლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, შეჯახებამ გარეთ გასწია და გადაჭიმა გალაქტიკების მტვრის, გაზისა და ვარსკვლავების დისკოები, წარმოქმნა ძლიერი ვარსკვლავთწარმომქმნელი რგოლი, რომელიც სისტემის „ცხვირისა“ და „სახის“ მახასიათებლებს აყალიბებს.
რგოლიანი გალაქტიკები იშვიათია და ჩვენს ფართო კოსმოსურ სამეზობლოში მხოლოდ რამდენიმე ასეული ასეთი ობიექტია. გალაქტიკები შესაფერისი მიმართულებით უნდა შეეჯახონ, რათა რგოლი წარმოიქმნას. მილიონობით წლის შემდეგ, შეჯახება ბოლომდე დასრულდება და წაიშლება მშფოთვარე წარსულის კვალიც.
ასტრონომთა აზრით, ეს რგოლი მხოლოდ რამდენიმე ასეულ მილიონ წელიწადს გასძლებს, შემდეგ კი დაშლას დაიწყებს და ორი გალაქტიკის ადგილას დარჩება ერთი დიდი, კაშკაშა გალაქტიკა.
რადგან ჩვენგან ასე ძალიან შორს არის, დღეს ჩვენ მას ისეთს ვხედავთ, როგორც 700 მილიონი წლის წინ იყო. შესაძლოა, ეს რგოლი დრომ უკვე გაანადგურა.
დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის შემდეგ, იგივე ბედი ელის ჩვენს გალაქტიკასაც — ირმის ნახტომს მეზობელი ანდრომედას გალაქტიკა გადასანსლავს.
ფოტოს სხვადასხვა ზომის ვერსიები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ჰაბლის ვებგვერდიდან.