ანდრომედამ წარსულში უკვე რამდენიმე გალაქტიკა გადასანსლა, შემდეგი ირმის ნახტომი იქნება
ანდრომედამ წარსულში უკვე რამდენიმე გალაქტიკა გადასანსლა, შემდეგი ირმის ნახტომი იქნება

ჩვენი გალაქტიკური კარის მეზობელი კანიბალია. შორეულ წარსულში, ანდრომედას გალაქტიკამ სულ მცირე ორი სხვა გალაქტიკა გადასანსლა და მათი ვარსკვლავები თავის გალაქტიკურ ჰალოში გამოამწყვდია. ახლახან, პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა ეს ვარსკვლავები გამოავლინეს, რამაც ისინი მილიარდობით წლის წინ, თითოეული ამ გალაქტიკის შერწყმის პროცესთან დააბრუნა.

ასეთი მოვლენები სულაც არ წარმოადგენს დიდ სიურპრიზს. მსგავსი მოქმედების ნიშნებს ჩვენი გალაქტიკაც შეიცავს, თანაც რამდენჯერმე. ანდრომედას გაუმაძღარი გალაქტიკური მადის შესახებ წინა კვლევებიც მიუთითებდა.

თუმცა, ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს პირდაპირი მტკიცებულებები ანდრომედას შორეული წარსულის გალაქტიკური შეჯახებების შესახებ.

სიდნეის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოს გერენ ლევისის განცხადებით, გალაქტიკის ჰალოში მათ გამოავლინეს პატარა გალაქტიკათა დაშლის შედეგად დარჩენილი ვარსკვლავური ნარჩენები. ჰალოს შემადგენლობის სურათის შექმნის შემდეგ, ის თეორეტიკულ მოდელებს შეადარეს, რათა გაერკვიათ, სწორად ესმოდათ თუ არა გალაქტიკის წარმოქმნის გზა.

მისი თქმით, ისტორიულ შეჯახებათა კვალის პოვნას ისინი ელოდნენ, მაგრამ არა ასე აშკარად.

შეჯახებების კვალს მათ მიაგნეს ვარსკვლავთა მკვრივ, სფერულ შეჯგუფებებში, რომლებსაც სფეროსებრ გროვებს უწოდებენ და როგორც წესი, ისინი თავს იყრის დიდ გალაქტიკათა ჰალოებში. გრავიტაციული ურთიერთქმედების ეს არეალი (ჰალო) ორბიტული სიბრტყის ზემოთ და ქვემოთ ივრცობა.

ანდრომედა ირმის ნახტომიდან დაახლოებით 2,5 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. ასეთ შორეულ ობიექტში სფეროსებრ გროვათა მოძრაობის განსაზღვრა არც ისე იოლი საქმეა.

ანდრომედას წარსულის გასარკვევად, ამ გალატიკას წლების განმავლობაში აკვირდებოდა ჰავაიზე, მაუნა-კეაზე მდებარე ფრანგულ-კანადური ტელესკოპი.

ასეთ ღრმა დაკვირვებათა წყალობით, ჯგუფმა შეძლო ანდრომედას ჰალოში გამოერკვია თითოეული სფეროსებრი გროვა. ამის შემდეგ, უფრო დიდი, ჯემინისა და კეკის ტელესკოპებით გაარკვიეს ჰალოში ამ გროვათა მოძრაობაც.

გაირკვა, რომ ორბიტაზე გროვების ორი განსხვავებული ჯგუფი მოძრაობს. საქმე ის არის, რომ ისინი ასე უცნაურად არ იმოძრავებდნენ იმ შემთხვევაში, თუკი ჰალოში იქნებოდნენ წარმოქმნილი. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ანდრომედას ისინი მიტაცებული აქვს.

მათ ორბიტებზე დაკვირვებისა და წარსულში დაბრუნების შემდეგ, ჯგუფმა გაარკვია, საიდან შეიძლება მოსულიყვნენ ეს გროვები. შედეგები ორ სხვადასხვა შეჯახებაზე მიუთითებს — ერთი მათგანი 7-10 მილიარდი წლის წინ უნდა მომხდარიყო, მეორე კი ბოლო რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში.

შარშან გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სიმულაციები მიუთითებს, რომ ანდრომედა მასიურ გალაქტიკას 2 მილიარდი წლის წინ შეეჯახა. ეს გახლავთ პირველი კვლევა, რომელმაც ანდრომედას მიერ სხვა გალაქტიკათა შეჭმის მტკიცებულებები პირდაპირ სფეროსებრ ვარსკვლავთგროვებზე დაკვირვების შედეგად იპოვა.

ახალ კვლევაში ცოტა საკამათო მომენტია ანდრომედას მსხვერპლათა ზომები.

ლევისის თქმით, შეჭმული გალაქტიკები ანდრომედაზე პატარები იყვნენ, შეიძლება ეს ჯუჯა გალაქტიკათა ჯგუფიც იყო, მაგრამ მათი მასა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ანდრომდას ტრილიონამდე ვარსკვლავის მასას.

არის კიდევ ორი საკმაოდ იდუმალი მომენტი. ვარსკვლავთგროვათა ორბიტები მიუთითებს, რომ ორი ჯუჯა გალაქტიკა აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულებიდან მოვიდა.

განადგურებული გალაქტიკებისა და ანდრომედას გარშემო დღეს მოძრავ ჯუჯა თანამგზავრ გალაქტიკებს შორის განლაგება მიუთითებს, რომ შეჭმული ჯუჯა გალაქტიკები ანდრომედაში კოსმოსური აბლაბუდის გასწვრივ შთაინთქა. კოსმოსური აბლაბუდა არის ფილამენტების ფართო ქსელი, რომელიც გალაქტიკათშორის სივრცეშია გაბმული.

ეს აბსოლუტურად შემთხვევითი აღმოჩენაა და მკვლევრები ცდილობენ გაარკვიონ, რამდენად ჯდება ის გალაქტიკათა ევოლუციის ჩვენეულ მოდელში.

როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამ მაინც გარდაუვალია — ანდრომედა და ირმის ნახტომი ამჟამად ერთმანეთთან შეჯახების გზას ადგანან, რაც უახლოეს რამდენიმე მილიარდ წელიწადში მოხდება.

იმის გარკვევა, თუ რამდენი და რამხელა გალაქტიკა მოინელა ანდრომედამ, დაგვეხმარება გავიგოთ, რომელი გამოვა ამ შეჯახებიდან გამარჯვებული, ირმის ნახტომი თუ ანდრომედა. დასანანი კი ის არის, რომ იმ დროისათვის კაცობრიობა დიდი ალბათობით უკვე აღარ იარსებებს.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი